Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოლიდარობა ზვარელ მუშებს თბილისის ქუჩებიდან

04 ნოემბერი, 2016 20:52

აქცია ზვარელი მუშების მხარდასაჭერად დღეს "ბრითიშ პეტროლიუმის" ოფისთან დაიწყო(მუშების მხარდასაჭერად შეკრებილები ნავთობის პროფესიული კავშირების წევრებს სწორედ აქ შეუერთდნენ). "სოლიდარობა ზვარელ მუშებს", "სოლიდარობა მუშებს" - ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს და საბოლოოდ, "საქართველოს რკინიგზის" შენობასთან შეიკრიბნენ. გზადაგზა თბილისის მოსახლეობას შეკრების მიზეზის შესახებ საყვირში, ხმამაღლა უყვებოდნენ: "ორი დღის წინ, ხარაგაულში, სოფელ ზვარეში შპს "ჩინეთის რგინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა ადგილობრივები და მუშები სცემეს. ფიზიკური დაზიანებები ადგილობრივებს სხვადასხვა რკინის კონსტრუქციით მიაყენეს. ამიტომ, გთხოვთ, შემოგვიერთდით, ერთად დავუდგეთ ზვარელ მუშებს გვერდით".

აქციას პოლიციის თანამშრომლებიც მიყვებოდნენ და მონაწილეების გზიდან გადაყვანას ცდილობდნენ. გმირთა მოედანთან რამდენჯერმე მცირე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი თანამშრომელი აქციის წევრების მიმართ არაკორექტულ შეძახილებს იყენებდა და აგრესიითა და ფიზიკური შეხებით, ცდილობდა მოქალაქეები გზიდან გადაეყვანა.

"საქართველოს რკინიგზის" ოფისთან აქციის მონაწილეებმა, მათ შორის რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოში დასაქმებულთა წინაშე არსებულ პრობლემებზე; კონკრეტულად ზვარელ მუშებსა და ქვეყანაში შრომის ინსპექციის არაეფექტურ მუშაობაზე. ასევე ხაზი გაუსვეს "საქართველოს რკინიგზის" უმოქმედობას, რომლის ქვეკონტრაქტორიცაა შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო". 

"დაბალშემოსავლიან ადამიანებს ჩაგრავენ მაღალშემოსავლიანი ადამიანები, რადგან ჰგონიათ, რომ ამ ხალხს სოლიდარობას არავინ გამოუცხადებს. შეურაცხმყოფელია "საქართველოს რკინიგზის" საქციელი. მათ ხელები დაიბანეს და არ უნდათ, იმ კომპანიას პასუხი მოსთხოვონ, რომელსაც თავად ჩვენი შემოსავლიდან უხდიან ფულს. ალბათ, არაფორმალურად, თქვენც ხართ მაგ კომპანიასთან ანგარიშვალდებული და თავს იკავებთ მათი შევიწროვებისგან. ჩვენ არ ვიკავებთ თავს და არც მომავალაში გავჩერდებით. ქალაქის ცენტრიდან ჩვენ გვინდა, ხმა მივაწვდინოთ ზვარელ მუშებს და ვუთხრათ, რომ ჩავალთ ადგილზე და მხარს იქ დავუჭერთ", - ისაუბრა აქციაზე ლევან ლორთქიფანიძემ.

"ზვარელი მუშები ამ სოფელში ჩასულები არიან სხვადასხვა რაიონიდან. ისინი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებულები არიან, მიზერულ ხელფასსა და მონურ შრომით პირობებში მუშაობას დათანხმდნენ. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ "საქართველოს რკინიგზის" ქვეკონტაქტორ("ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო") კომპანიას პასუხი მოვთხვოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შრომის პოლიტიკა მთლიანად გადასახედია", - აღნიშნა გვანცა ხონელიძემ.

2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ორ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც სოფელში შეშას ეზიდებოდნენ, შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშომლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ ადგილობრივებმა შეშა კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. ზვარეში მცხოვრებლებმა მათ უპასუხეს, რომ შეშა არ მოუპარავთ, ტყიდან მოჰქონდათ. შელაპარაკების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს. ოთხივე მათგანი იმ საღამოსვე საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს - ამის შესახებ ზვარეში მცხოვრები ადამიანები და კომპანიაში დასაქმებულები ყვებიან. 

პოლიციამ მუშებზე ძალადობის გამო, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში ზვარელი მუშები ადგილობრივებთან ერთად კომპანიის ეზოში იყვნენ შეკრებილები. მუშები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, სანამ კომპანიის მენეჯმენტი არ შეიცვლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^