თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა ჟურნალისტებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევას აღადგენს, სამთვიანი კონსულტაციების შედეგად მიიღო.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად საუკეთესო უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ ეს სისტემა საქართველოში უნდა აღდგეს. პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის უწყების ფარგლებში იქნა მიღებული, მაგრამ არ შეჩერებულა. წვევამდელების გარეშე ჩვენს შეიარაღებულ ძალებში გარკვეული პრობლემები იკვეთება. კერძოდ, იქმნება დაკომპლექტების პრობლემა. წვევამდელები არის საუკეთესო რესურსი, რათა ეს ხარვეზი იქნას აღმოფხვრილი. ჩვენ გარკვეულ პრივილეგიებს მივცემთ ვადიან მოსამსახურეებს. დღეს მათ მხოლოდ წელიწადში ორჯერ აქვთ შვებულების გამოყენების საშუალება, ისიც მხოლოდ უქმე დღეებში. ჩვენ თითოეულს უქმე დღეს მივცემთ, რომ დაისვენონ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, წვევამდელების სიმბოლური ანაზღაურება 50 ლარი გახდება.