
კოლმეურნეობის მოედანზე, ვეკუას #3 ნომერში, სადაც ყვავილების ბაზრობა მდებარეობს, კომპანია შპს „სტუდია 21-ის" მიერ წარდგენილი სავაჭრო პავილიონის ესკიზი მერიის არქიტექტურის სამსახურმა დაიწუნა.
კომპანია ყვავილების ბაზრობის ამჟამინდელ ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო პავილიონის სამშენებლო ნებართვას ითხოვდა. განმცხადებლის ინფორმაციით, კონსტრუქციის პირველ და მეორე სართულზე კაფე უნდა განთავსდეს, ხოლო სახურავი ყვავილებით მოვაჭრეებს დაეთმოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მეყვავილეებს შეუთანხმდა და მათ ადგილის დასუფთავება დაიწყეს.
კომპანიამ მერიის არქიტექტურის სამსახურს ესკიზის წინასწარი შეთანხმების თხოვნით მიმართა, რაზეც მერიის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან უარი მიიღო.
კომპანიამ განაცხადი ესკიზის წინასწარი შეთანხმების თხოვნით არქიტექტურის სამსახურში მესამედ შეიტანა და სამჯერვე უარი ეთქვა. მიზეზი წინამორბედი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაა.
შენიშვნებში კომისიის წევრები აღნიშნავდნენ, რომ არ არის მიზანშეწონილი ტერიტორიაზე ორსართულიანი თუნდაც მსუბუქი კონსტრუქციის გაჩენა.
„საკმარისი იქნება არსებული სიტუაციის მოწესრიგება და ყვავილების ბაზრობის ერთსართულიან, მაქსიმალურად გახსნილ მოცულობასა თუ მოცულობებში მოქცევა" - ვკითხულობთ შენიშვნებში.
„პავილიონი უმჯობესია განთავსდეს ერთ სიბრტყეზე მაქსიმალური გამჭოლი კონსტრუქციით" - აღნიშნავს კომისიის წევრი.
კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ არ არის სასურველი ქუჩის დავიწროვება.
„თუ კვარტალი უნდა აღდგეს სასურველია გათვალისწინებული იქნას ძველი ურბანული ქსოვილი თავისი გაბარიტებით. არ უნდა შევიწროვდეს ფურცელაძის ქუჩა" - აღნიშნავს კომისიის ერთ-ერთი წევრი.