ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს ბრწყინვალების ორდენის მფლობელია. 2012 წელს ის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ სააკაშვილისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ამ ორდენით ის უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, თუმცა დღეს სტუმრად მყოფი პიროვნება მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
„დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთი გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. ტრამპი მსოფლიო მასშტაბით წარმატებისა და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუშია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის თქვენთვის გადმოცემა ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.