საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი მარიამ ჯაში განათლების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურთან ერთად პირველი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრისას ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მარიამ ჯაშის თქმით, ზოგიერთი სასწავლო პროგრამის შემუშავება საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორსა და ეკლესიასთან კონსულტაციების შედეგად უნდა ხდებოდეს.
მასწავლებლებმა საუბრისას ყურადღება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს.
მასწავლებლებლებმა პრობლემურ საკითხად საბუნებისმეტყველო საგნების სახელმძღვანელოებით სწავლება დაასახელეს. მაგალითისთვის ისაუბრეს ფიზიკის სახელმძღვანელოს შესახებ, მათი თქმით „აღნიშნული სახელმძღვანელოთი სწავლება შეუძლებელია“, წიგნი ძირითადად ინტერაქტიულია,რაც მოსწავლეებისთვის დამაბნეველია და საგნის სწავლას ართულებს.
მარიამ ჯაშის თქმით, როგორც მშობელი აბსოლუტურად ეთანხმება მასწავლებლების აზრს საბუნებისმეტყველო საგნებში სახელმძღვანელოების სირთულესთან დაკავშირებით. მან მასწავლებლებს სახელმძღვანელოების შემუშავებასთან დაკავშირებით თავისი ხედვა გააცნო:
„რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ და ჩვენი ენა განსხვავდება სხვა საერთაშორისო ენებისგან, ვფიქრობ, გვაქვს ექსკლუზიური უფლება ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის არსებული სახელმძღვანელოების შეცვლისას მთლიანად ჩვენს გამოცდილებას დავეყრდნოთ, უშუალოდ ჩვენი ისტორიისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მემკვიდრეობიდან გამომდინარე. მაგრამ, რაც შეეხება ზუსტ მეცნიერებებს, რომელთა სწავლების მეტად კარგი და დახვეწილი გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში, შეიძლება ის გადმოვიღოთ ჩვენი ეროვნული გეგმებისთვის და არ შევქმნათ რაღაც ჰიბრიდული სახელმძღვანელოები, რომლებიც არც თანამედროვეობას შეესაბამება და რაღაც პოსტსაბჭოთა მოდელის გაუგებარი ნაერთია. მე ზუსტ მეცნიერებებში უკვე კარგად გამოცდილი სახელმძღვანელოების ადაპტირებას დავუჭერდი მხარს “,- უთხრა მან მასწავლებლებს.
რაც შეეხება იმ საგნების სახელმძღვანელოებს, რომელთა მომზადებაც მთლიანად „ქართულ გამოცდილებაზე შეიძლება დამყარდეს“ (მაგალითად, ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია), მარიამ ჯაშის თქმით, საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორსა და ეკლესიასთან კონსულტაციების შედეგად უნდა ხდებოდეს.
„უშუალოდ საქართველოსთვის ექსკლუზიური პროგრამები, რომელთა შემუშავებაც ჩვენი პრეროგატივაა, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის ასევე, ხაზს გავუსვამ, შეიძლება ეს არადადებითად შემიფასონ საერთაშორისო ექსპერტებმა, მაგრამ აუცილებლად საქართველოს ეკლესიასთან კონსულტაციით უნდა შეჯერდეს. საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდი როლი ჰქონდა სარწმუნოებას და ეკლესიას, რომ არ გვაქვს უფლება, კონსულტაციისა და რჩევის დონეზე მაინც არ მივმართოთ მათ სასწავლო პროგრამების შემუშავებისას. რასაკვირველია, იმ პროგრამებისთვის, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები გააჩინოს“,- უთხრა მან მასწავლებლებს.
მარიამ ჯაშმა მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ ბევრი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც არა მხოლოდ მატერიალური მოტივაციის უზრუნველყოფას გულისხმობს, არამედ დამოკიდებულებების ცვლილებასაც.
„ვიდრე ჩემს ჩამოყალიბებულ ხედვას გავუზიარებ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩვენს კოლეგებს, ვფიქრობ, რომ უმთავრესია არსებული სიტუაციებისა და გამოწვევების შესწავლა. ყველა დონეზე დაგეგმილი მაქვს მჭიდრო კონსულტაციები და ინტენსიური დიალოგის რეჟიმი. განათლების მინისტრსა და მოადგილესთან ერთად უკვე სამი დღეა განვიხილავთ სამინისტროს ხედვას არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომაას ჩადებული, არაერთი საკონსულტაციო პროცესია უკვე გავლილი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან, უშუალოდ პედაგოგების მოსმენა ჩემთვის მნიშვნელოვანია“,- უთხრა მან პედაგოგებს.
განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, განათლების სისტემის განვითარებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას საკანონმდებლო ბაზის ცვლილება და განვითარება სჭირდება, ამ მიზნით, მარიამ ჯაშთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე დაიწყო. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებული ცვლილება, პილოტირების პროცესში წარმოიქმნა გარკვეული ბარიერები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო მოწესრიგება. დავიწყებთ ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დაგეგმვას“,- თქვა ლია გიგაურმა.