„მე მახსოვს - 10 ნოემბერს მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი. მან დათმო სიცოცხლე თავისუფლების ფასად“ - ამ ლოზუნგით დღეს, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად, ლგბტ აქტივისტმა და უფლებადამცველმა, ნინო ბოლქვაძემ პარლამენტის წინ ერთკაციანი, მდუმარე აქცია გამართა.
„საბი ბერიანმა, ისევე, როგორც ბიანკა შიგუროვამ და სხვა ბევრმა ტრანსგენდერმა ადამიანმა, რომლებიც ხილვადები გახდნენ საზოგადოებისთვის, თავიანთი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს ტრანსფობიურ საზოგადოებაში. იმისათვის, რომ მოეპოვებინათ თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო ძალიან დიდი, ისინი იყვნენ ძალიან გაბედული ადამიანები და სიცოცხლე პრაქტიკულად თავისუფლების ფასად დათმეს, ამიტომ ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ, რომ გვახსოვდეს. ლგბტ თემი უნდა გახდეს უფრო გაბედული, უფრო მომთხოვნი ხელისუფლების მიმართ, რადგან სწორედ მათ აკისრიათ პოზიტიური ვალდებულება, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე.
ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ პროტესტის ეს ფორმა - ერთი ადამიანის აქცია იმიტომ შეარჩია, რომ ლგბტ აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზება სირთულეებსა და რისკებთან არის დაკავშირებული.