საქართველოს საპატრიარქო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სასულიერო პირის, ასევე მღვდელმოქმედებააკრძალული პირის მიერ მეზობლისთვის ფიზიკური დაზიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამივე მათგანს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვს, ახლა კი საერო სამართლით უნდა განისაჯონ.
საპატრიარქოს განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება: ბერი ფილიპე ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი.
მღვდელმოქმედებააკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (მირიან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს კითხვით მომართეს მოქალაქეებმა და გვთხოვენ, დავაფიქსიროთ პოზიცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს სასულიერო პირობა ადამიანს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
შევნიშნავთ, რომ სამივე მათგანს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვს, რაც შეეხება მათ ამჟამინდელ ქმედებებს, ეს სისხლის სამართლის საქმეებია და საერო სამართლით უნდა განისაჯოს.
ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მოძღვრობა ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ-ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს; ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.