თეთრი ხმაურის მოძრაობა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებაების დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავს.
მათი თქმით, აქციაზე საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში აქამდე არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნებას. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გუშინ, 14 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამისნისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველომ რეზონანსული ოპერაცია ჩაატარა ქუთაისის აეროპორტში, სადაც ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე ჩვენი მოძრაობის აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მასთან მყოფი პირები გაჩხრიკეს . აეროპორტში ხანგრძლივი უშედეგო ღონისძიების შემდეგ, მოქალაქეები იძულების წესით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ სხეულში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზნით ჩაუტარდათ ტომოგრაფიული გამოკვლევა, თუმცა გადაყვანილ პირებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცედურა ექვს საათზე მეტხანს გრძელდებოდა, თუმცა მოქალაქეებს არ განემარტათ მათი დაყოვნების და პირადი ჩხრეკის სამართლებრივი საფუძვლები, არ მიეცათ შესაძლებლობა, უარი განეცხადებინათ ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი სამართლებრივთან ერთად, სამედიცინო კუთხითაც პრობლემურ პრაქტიკას შეიძლება წარმოადგენდეს. სამართალდამცავთა ქმედების ერთადერთი საფუძველი იყო ოპერატიული ინფორმაცია, რაც ცალსახად არასაკმარისია ადამიანის პირად სივრცეში ამ ხარისხითა და ინტენსივობით ჩარევისთვის. განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი განმარტება იყო ის, რომ ქუთაისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა ჩხრეკა და ისინი არ დაუკავებიათ. ცხადია, საქართველოს მოქალაქეების უფლებებში ასეთი მასშტაბით ჩარევისთვის მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის არსებობით დასაბუთება ცალსახად მიუღებელი და არასწორია. აგრეთვე გაუგებარია, რის საფუძველზე ჰქონდათ მოქალაქეებს თავისუფლება შეზღუდული ხანგრძლივი პერიოდით, თუკი ისინი არ დაუკავებიათ. ბუნდოვანია, რატომ მოხდა ეს პროცედურები გადაუდებელი აუცილებლობით, მაშინ როცა სამართალდამცავები განხორციელებული ოპერაციისთვის საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულები და სავარაუდოდ, მანამდე შეეძლოთ სასამართლოს ნებართვაც მოეპოვებინათ ჩხრეკის ჩასატარებლად. გარდა ამისა, გვიან ღამით, ქალაქ თბილისში, თეთრი ხმაურის მოძრაობის შეხვედრაზე მიმავალი კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი, პატრულის თანამშრომლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და მას ზედაპირული დათვალიერება ჩაუტარს, თუმცა სამართლებრივი საფუძვლები არც ამ ღონისძიებას ახლდა.
ზემოაღნიშნულ მოვლენათა ფაქტობრივ-პროცედურული საკითხების შესწავლისა და შესაძლო სამართლებრივი რეაგირების გარდა, მნიშვნელოვანია გაკეთდეს მომხდარის შეფასება არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის კონტექსტში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიცია ნაკლებად აქტიურობდა ამ მიმართულებით, თუმცა, არჩევნების დასრულებისთანავე დაუბრუნდა ძველ რეჟიმს და „წარმატებით” განაგძო საკუთარი მოალაქეების დევნა, მათი შეურაცხყოფა, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროცედურებით მათზე ძალადობა. გუშინ განვითარებული მოვლენები, ამ ძალადობის ნაწილია და ცალსახად შეიცავს დაგეგმილი, მიზანმიმართული ქმედების ნიშნებს, რომლის ინტერესიც ცვლილებებზე ორიენტირებული მოძრაობის დისკრედიტაცია და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერთა დაშინება გახლავთ. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მოქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სულისკვეთებასა და დაპირებას რომ ახალი პარლამენტის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით სწრაფადვე დაიწყებოდა არსებული მანკიერი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე აქტიური მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამგვარი ქმედებებით, ან თავად მისივე მმართველი პარტიის რეფორმისტულ განზრახვებს ეწინააღმდეგება, ან მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური სუბიექტების დაპირებები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ხასიათს ატარებდა.
სამწუხაროდ ორივე მოცემულობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს არასახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს და კვლავინდებურად დაუცველს გვტოვებს პოლიციის მომატებული აგრესიისა და უხეში ძალის წინაშე. ამ აგრესიისგან თავის დასაცავ ერთადერთ საშუალებად კი მხოლოდ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი და სამოქალაქო კონსოლიდაცია გვრჩება, ამიტომ თეთრი ხმაურის მოძრაობა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებაების დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავს, სადაც საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ ქვეყანაში აქამდე არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნებას. 10 დეკემბრამდე აქტიური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, პოლიტიკოსებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ნარკოპოლიტიკის რეფორმას ლობირებდენენ. ველით მათგან გამოხმაურებას და ვითხოვთ პასუხსა და პოლიტიკურ შეფასებას როგორც 14 ნოემბერს მოძრაობის წევრებზე განხორციელებული უსაფუძვლო დევნის ინციდენტებზე, ასევე არჩევნების შემდგომ ქვეყანაში გახშირებულ დაკავებებზე. სწორედ მათ ადეკვატურობაზე იქნება დამოკიდებული 10 დეკემბრის აქციის ფორმა და შინაარსი", - აცხადებენ მოძრაობაში.