
„არ ვიცი, ვის სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხედ წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და ჩვენ მას ვხედავთ არა როგორც საფრთხეს, არამედ დიდ პასუხისმგებლობას და ეფექტიან შესაძლებლობას იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ეკონომიკური განვითარებისა და ოჯახებში მეტი კეთილდღეობისთვისაა საჭირო" - ასე აფასებს არჩილ თალაკვაძე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებს.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში სენსაციური ვერაფერი ნახა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გახდეს ადამიანი, რომელსაც საკონსტიტუციო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე პრაქტიკაში.
„ამიტომ, როდესაც მოვა კონსტიტუციაზე მუშაობის დრო, ჩვენ ერთად, კონსენსუსის გზით შევიმუშავებთ ფორმატს, რომელშიც ვიმუშავებთ. როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულების თუ სხვა სფეროების რეფორმებს ეს ჩვენს პრგრამაში იყო გაცხადებული და ჩვენ ამ რეფორმებს გავაგრძელებთ, მივიყვანთ ბოლომდე" - თქვა თალაკვაძემ.