გთავაზობთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვას, რომელიც მან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას წარმოთქვა.
მოგესალმებით ძვირფასო საქართველოს მოქალაქენო,
თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრემიერმინისტრო, მინისტრებო,
არჩეულო დეპუტატებო, ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ,
ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ,
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,
საპატიო სტუმრებო,
პატივცემულო დეპუტატებო, გილოცავთ გამარჯვებას 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
დღეს ახალი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ სადამკვირვებლო მისიას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებს, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა.
არჩევნები შედგა! შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად, საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომლებიც განახორციელებენ მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მრავალპარტიული პარლამენტი, თვისობრივად ახალი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას ნიშნავს. სამწუხაროდ, პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა - თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა: პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ პირიქით, იწყება! არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის.
სწორედ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის მთელ დეპუტაციას, დღეს მინდა შევთავაზო თანამშრომლობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ამასთან ერთად, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების და, მათ შორის, საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი; ეს იყო ის რეალობა, რომელიც ჩემსა და ჩემი გუნდის წინაშე დადგა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ნაკლები დრო და ენერგია რომ დახარჯულიყო, პრეზიდენტის და სხვა უწყებათა რესურსი უკეთ მოხმარდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის ინტერესებს. ამიტომ ერთი მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი! მეორე მხრივ კი, მოგახსნებთ, რომ გამოვთქვამ მზადყოფნას, აქტიური თანამშრომლობისთვის.
დღეს, ამ პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას; ამასთან ერთად, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, იგივე პოლიტიკური გუნდის მიერ, ექვსი წლის ვადით იქნენ შერჩეული და დანიშნული მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე აღვნიშნავ, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ ქართული ოცნების ხელშია. შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ - დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი.
ამიტომ, გთავაზობთ ყველამ ერთად - თანხმობითა და თანამშრომლობით, შექმნილი ვითარება ვაქციოთ პროგნოზირებად და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტაბილურობად; გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად! ამისთვის სრულად უნდა ავამუშავოთ ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები, შევქმნათ დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ დავამკვიდრო პრობლემურ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, მზად ვარ წარმოგიდგინოთ ჩემეული ხედვა და შემოგთავაზოთ ის საკითხები, რაც ჩემი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას:
დავიწყებ დღევანდელობის ერთერთი უმწვავესი პრობლემით: დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი, ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის. შესაბამისად, მივმართავ მმართველ პარტიას - დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად. პირველყოვლისა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლადმონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი; თქვენ გაქვთ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა; უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან. შესაბამისად, დღეს აქტიური მოქმედებების დროა; დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომლებიც ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფენ, მოიზიდავენ ინვესტიციებს, დაასტაბილურებენ ლარს. მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მჯერა, რომ კონსტიტუციურ სისტემაში მთავარი არა იმდენად მოდელის დახვეწილობა, არამედ კონსტიტუციონალიზმის ერთგულების ტრადიციაა. არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის, ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით იდეალურად ხორციელდება. ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის, საზოგადოების კონსტიტუციონალიზმის ტრადიციისადმი ერთგულება. ამ თვალსაზრისით, ქართულ კონსტიტუციონალიზმს სწორედ რომ არასახარბიელო, კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, გიდასტურებთ, რომ კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას აქვს ხარვეზები; მაგრამ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, იქნება თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა. შესაბამისად, ნათლად ვხედავ რა კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევის აუცილებლობას, მე მხარი დავუჭირე პრემიერმინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს.
ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ქართული სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი გამოწვევა. მოგმართავთ წინადადებით, მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში მოვიწვიოთ ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია.
როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულობაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის აუცილებლობა. არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე, არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი; რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ კუთხით მივიჩნევ, რომ უნდა გაძლიერდეს მედიის დაცვის მექანიზმები და შეიქმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები.
არ შემიძლია არ შევეხო პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საკითხს. ნათლად მესმის, რომ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთი მხრივ, სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორე მხრივ, რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად. თუმცა, გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში, ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო აწყობთ. ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკმარისი დრო გავიდა, თუმცა, დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვლავაც რჩება ნასამართლევი. ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამრთლო ინსტანციებში. ამ უფლების უზრუნველსაყოფად, მზად ვარ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოვყო თანხა საადვოკატო მომსახურებისთვის. აქვე გთავაზობთ განიხილოთ წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალური პაკეტებით უზრუვლყოს.
დღეს, აქ გამოსვლისას, არ შეიძლება არ შევეხო ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებს. ჩემთვის, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება, ასევე ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექსტში წარმოჩენა. ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკაფიო პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ, აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში.
გლობალური პოლიტიკური კონტექსტი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემო, ქვეყნისგან უშიშროების პოლიტიკის განახლებას და მიმდინარე ინტენსიური პარტნიორული პროგრამების პარალელურად, ახალი შესაძლებლობების ძიებას მოითხოვს. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად, მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია.
ძირითად პრინციპებზე შეთანხმება გვჭირდება, ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითაც. ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წლებში პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი იყო. გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო, საზოგადოების კონსოლიდაციისთვის.
დაბოლოს, ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ. ქვეყნის მყისიერი წარმატება აუცილებელია! ვეთანხმები პრემიერმინისტრს, რომ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, 2017 წელს განათლების წლად ვაცხადებ! განათლება თავისუფლებაა! მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას. მჯერა ერთიანი ძალისხმევით, განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებას ერთად ავაშენებთ და გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.
წარმატებულ საპარლამენტო მოღვაწეობას გისურვებთ თქვენ და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს!
გმადლობთ!