
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო.
მისი ინფორმაციით, შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება. მღებრიშვილის თქმით, მომავალ წელს მუშაობის ეფექტისნობის გასაზრდელად კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა იგეგმება.
ასევე, მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით სამინისტრომ მაღალტექნოლოგიური ცენტრი შექმნა, რომლის ერთ-ერთი პროექტი ქუჩებისა და გზების რეალურ დროში დაკვირვებას გულისხმობს.
„ეს აამაღლებს გამოძიების ხარისხს და შეამცირებს დანაშაულის რაოდენობას. ამასთანავე, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების საშუალებასაც იძლევა“, - განმარტა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა 1 წლის განმავლობაში 37 კილოგრამი კოკაინი, 121 კილოგრამი ჰეროინი, 15 კილოგრამი ფსიქოტროპული საშუალებები და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები და 1482 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
რაც შეეხება შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქმიანობას, მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარების წესი შეიცვლება. მღებრიშვილის თქმით, მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულებულია და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება.
შს მინისტრობის კანდიდატმა სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უწყებამ ბევრი რამ უნდა გააკეთოს, მათ შორის სასაზღვრო პუნქტების მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის თვალსაზრისით. მღებრიშვილის თქმით, ასე უფრო ეფექტიანი იქნება ამ პუნქტების მუშაობა და მესაზღვრეებსაც ღირსეულ გარემოში მოუწევთ მუშაობა.