შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელის ძებნას ინტერპოლი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრობის კანდიდატს ოთხოზორიას მკვლელის შესახებ ჰკითხა, თუ რატომ არ იყო ის ინტერპოლის ძებნილთა სიაში.
„რაშიდ კანჯიოღლი რატომ არ არის ინტერპოლის ძებნილთა სიაში. რატომ არ სცადეთ ეს, არ გაღელვებთ, არ იცოდით ეს როგორ ხდება თუ მაინცდამაინც ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტი უნდა იყოს ადამიანი, ინტერპოლის ძებნაზე დასვათ?“- მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი მღებრიშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კითხვები კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებითაც ჰქონდა. მისი შეფასებით, შს მინისტრობის კანდიდატს თავის გამოსვლაში გამოწვევად არ უხსენებია არც კრიმინალის ზრდა, არც ტერორიზმი, არც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და არც ოთხოზორიას მკვლელობა.
„რატომ, ბატონო მინისტრო? ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ, თუ გგონიათ, რომ თუ არ ახსენებთ, ეს პრობლემა არ იქნება?“
გიორგი მღებრიშვილმა გიგა ბოკერიას კითხვა ჭორაობად შეაფასა და განაცხადა, რომ კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის დადასტურება სტატისტიკით შეუძლია.
„როცა გაზრდილ კრიმინალზე საუბრობთ, იქნებ ციფრები მოგვიტანოთ. ზეპირად საუბარი, ბოდიში, მაგრამ ჭორაობას ჰგავს. კითხვა იყო თუ ბრალდება? მე თავის მართლებას არ ვაპირებ. გეუბნებით, რომ კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის სტატისტიკით დადასტურება შემიძლია. რაც შეეხება სტატისტიკას, ის კვარტალში ერთხელ გადაეცემა საქსტატს, საჯაროა და შეგიძლიათ გამოითხოვოთ“,- მიმართა მღებრიშვილმა გიგა ბოკერიას.