Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გოგონა დაიბადა" - ფოტოგამოფენა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ

24 ნოემბერი, 2016 16:04

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს,  25 ნოემბერის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა - „გოგონა დაიბადა“ გაიხსნება.

ფოტოგამოფენა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ეძღვნება 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

დინა ოგანოვას ფოტოპროექტი - „გოგონა დაიბადა“ თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ. ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას, რაც აუცილებელია როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისათვის. 

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრაქტიკის შედეგად საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. მტკიცებულებებზე აგებული საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებისა და ტენდენციების შესწავლის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2014 წელს ჩაატარა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა მჭიდრო კავშირშია კულტურულ და რელიგიურ, ასევე ქალაქსა და სოფლად ცხოვრების თავისებურებებთან. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორის არსებობა, მათ შორის - ოჯახებში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭება.

სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას მხოლოდ 9% არჩევდა. ამჟამად საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 110 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს. გამოთვლებით დადგინდა, რომ ასეთი პრაქტიკის გამო 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა. ტენდენციის ასე გაგრძელების შემთხვევაში, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 000-ს მიაღწევს. 

გაეროს მოსახლეობის ფონდში ამბობენ, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, შედეგად, მივიღებთ ძალადობის გაზრდას, ეკონომიკურ რეგრესსა და შობადობის შემცირებას. ამ პროცესის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია პრობლემის აღიარება და საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება იმ სოციალური ნორმებისა და ქცევების შესაცვლელად, რომელსაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევამდე მივყავართ.

ფოტოები: დინა ოგანოვა
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^