
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. ახალი პარლამენტის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას უსმენენ.
"ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას, ჩვენთვის ესაა უდიდესი შესაძლებლობა ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამავე დროს ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ. მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსესუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიღებული", - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" განვლილი წლების განმავლობაში შექმნა იმის პიროებები, რომ დღეს საზოგადოებაში აღარ არის შიში და თავად საზოგადოებაც პოლიტიკურად განსხვავებულია, ვიდრე მანამდე.
"ჩვენი საზოგადოებაც არის ძალიან გაზრდილი, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად წინ წასული და მოთხოვნებიც პოლიტიკოსების მიმართ არის დღეს აბსოლუტურად სხვა რიგის და ჩვენ, ყველა პოლიტიკოსმაც აუცილებლად უნდა გავითავისოთ ეს მოთხოვნები. ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ ამ გარდატეხაში რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პოლიტიკურ გუნდს "ქართულ ოცნებას" და რა თქმა უნდა მის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება. სხდომაზე განიხილავენ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წწ“. დღეს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობის კენჭი უნდა უყაროს და ნდობა გამოუცხადოს.
მთავრობის წევრობის კანდიდატებს მინისტრთა პოზიციების დასაკავებლად პარლამენტის შემადგენლობის ნახევრის - 76 პარლამენტარის ხმა სჭირდებათ