კვირას, 27 ნოემბერს, 15 საათზე ბეთლემის პროექტის ჯგუფი, ბეთლემის თემთან ერთად თბილისის ათეშგაში, გომის ქ. #3 პრეზენტაციას მართავს თბილისის უძველესი ძეგლის - ათეშგას შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას მიაწოდონ ცნობები ათეშგას მნიშვნელობის, ბოლო წლების სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლენილი უნიკალური ინფორმაციისა და იმ საფრთხის შესახებ, რომელიც წარმოიქმნა ათეშგას მიმდებარედ, გომის ქ.#1-ში მდებარე ნაგებობაზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ესკიზურ პორექტზეც მერიის არქიტექტურის სამსახურმა უკვე გასცა თანხმობა.
2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა გასცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესაკიზურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სამზარეულოს დაშენების მიზნით.
ამ მშენებლობის წინააღმდეგ ონლაინ პეტიციაც გავრცელდა, რომლის ადრესატებიც თბილისის მერი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი არიან. პეტიციის ავტორები მოითხოვენ, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა არ დაუშვან თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა და დაიწყოს მუშაობა მისი ოფიციალური მოვლა-პატრონობის, დაცვის და მართვის უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ, კი თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.
მივმართავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს: არ დაუშვათ თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა, რასაც გამოიწვევს გომის ქ. #1-ის ზედა ნიშნულის თუნდაც ნაწილობრივ აწევა. თუ საჭიროა მოწვეულ იქნას გაფართოებული ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტთა წრე და დეტალურად იქნას განხილული არეალის სივრცითი მოწყობის საკითხები; დაიწყოს მუშაობა თბილისის ათეშგას ოფიციალური მოვლა-პატრონობის, დაცვის, მონიტორიგის ადმინისტრაციულ უზრუნვეყოფაზე. განისაზღვროს ძეგლის მართვაზე პასუხიმსგებელი ადმინისტრაციული ერთეული; თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები." - ვკითხულობთ ელექტრონულ პეტიციაში