
თქვენ ხართ ერთი ადამიანის სამსახურში მყოფი პრემიერ-მინისტრი, - ასე მიმართა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საკუთარ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს.
მისივე თქმით, მთავრობის წევრებს და მთავრობის ამ შემადგენლობას არ აქვს არნაირი შესაძლებლობაც კი რაიმე სიკეთე და სარგებელი მოუტანოს ამ ქვეყანას.
ნიკოლოზ მელიამ ასევე მიმართა ვიქტორ დოლიძეს.
”რომელ ევროინტეგრაციაზეა საუბარი ბატონო ვიქტორ დოლიძე, არ მინდოდა თქვენი ხსენება და თქვენზე საუბარი, რადგან თქვენს მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, კარგი სალამი გვაქვს და მე და თქვენი ძმა თანაკლასელები ვიყავით. ზნეობრივ კომპრომისზე ვერ წავიდოდი და არ მექნებოდა უფლება გამეკრიტიკებინა ნებისმიერი თქვენი კოლეგა მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი ბრძანდებით თქვენ, რადგან უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს რაც შეიძლება უბრალოდ ქართველ ადამიანს ქონდეს. თქვენ მეგობრებს, თქვენს თანაგუნდელებს. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც თვეების განმავლობაში ოპოზიციაში როცა იყავით ამ მთავრობას ეძახდით იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგიჭირეს თქვენი 5 მეგობარი. მაღალი ალბათობით, ის 5 დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენს და გვიყურებენ. მაპატიეთ ბატონო ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამიერიდან ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები კი არ არიან ის 5 ადამიანი, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან ისინი. მე არ ვამბდოდი, თქვენ ამბობდით, რომ პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილმა დააკავა, ღარიბაშვილმა დააკავა და დღეს სად დაბრძანდით ბატონო ვიქტორ, იმ ადამიანებთან ვინც დაიჭირა ეს 5 ადამიანი?”, - განაცხადა მელიამ.