ხვალ, 28 ნოემბერს, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ განათლების კომიტეტის თავმდომარეს, მარიამ ჯაშს შეხვდება.
გუშინ, აუდიტორია 115-ის წევრებთან შეხვედრის შემდგომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა,რომ ორშაბათს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები „აუდიტორია 115-ის“ წევრებთან ერთად განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.
„შედგა ისეთი შეთანხმება, რომელიც გვაძლევს საშუალებას დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ საუბარი. შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოაცხადა პარლამენტის ახლადარჩეულმა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავუკავშირდებით და შედგება ეს შეხვედრა. დავიწყებთ იმაზე მუშაობას, თუ რა პრობლემები არის, რომელიც უკავშირდება სტუდენტური ცხოვრების მოწყობას, რა ცვლილებებია შესატანი კანონმდებლობაში. არამგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს, რადგან დიდი ხანია ამ თემებზე საუბარი მიმდინარეობს. ასევე, მზაობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდა, გვქონდა კომუნიკაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და იმედია რომ ყველა ერთად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას რაც მისაღებია“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
სტუდენტების განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შეთავაზება მიიღეს, მეექვსე კორპუსის დატოვებას იქამდე არ აპირებენ სანამ რეალური ცვლილებები არ დაიწყება.
რექტორთან შეხვედრა, გუშინ მეექვსე კორპუსში გაიმართა, რომელიც 24 ნოემბერს მოძრაობის წევრებმა დაიკავეს. შეხვედრის დასაწყისში სტუდენტებმა ვიდეო რგოლი აჩვენეს, რომლის მიზანიც მათი თქმით, რექტორისთვის იმ დაპირებების შეხსენებაა, რომლებიც დღემდე არ შესრულებულა.