"აუდიტორია 115-ისა" და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეხვედრა დასრულდა. მარიამ ჯაშის თქმით, პირველი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, კომიტეტის წევრები გაფართოებულ ფორმატში აუდიტორიის, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეხვდებიან და საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურა დაიწყება. მისი თქმით რეალისტურია, რომ კონკრეტული ცვლილებები საგაზაფხულო სესიისთვის იყოს მზად.
ჯაშის ინფორმაციით, სტუდენტებთან ორ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა. კონკრეტულად კი, ყველა სტუდენტს ექნება უნივერსიტეტის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა; ასევე მოხდება ცვლილებები, რაც სტუდენტებს მისცემს საშუალებას, სტუდენტური ცხოვრების პროცესში მონაწილეობა თანაბრად მიიღონ.
"მე ვიღებ მედიატორის როლს. სტუდენტურ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობის პრინციპს სრულიად ვიზიარებ. თუმცა ჩემი თანხმობა არ ნიშნავს ჩემი კოლეგების თანხმობასაც. ჩვენ უნდა შევხვდეთ, დავილაპარაკოთ უფრო ფართო ფორმატში. გპირდებით, ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დავიწყებთ და ამაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მოგვიწევს. იქამდე კი, აუდიტორიის წევრებს მივმართავ, საპროტესტო ტალღა ცოტა ხნით შეაჩერონ და მისცენ სხვა სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალება", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემაც. მისი განმარტებით, სტუდენტების უნდა იყვნენ თანასწორუფლებიანები და მაქსიმალურად შეეძლოთ საკუთარი უფლებების რეალიზება: "მოლაპარაკებებში კი უნდა იყვნენ ჩართულები უნივერსიტეტის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ეს მხოლოდ თსუ-ის სტუდენტებს არ ეხებათ, ეს ეხება რეფორმას".
"აუდიტორია 115-ის" წევრის გიორგი სოფრომაძის თქმით, ამ შეთანხმების შემდეგ ის აპირებს გადაინაცვლოს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, სადაც აუდიტორიის სხვა წევრები არიან და მათთან შეხვედრისა და დისკუსიის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმატში გააგრძელებს აუდიტორია მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტს. სოფრომაძისვე თქმით, მათი მოთხოვნები თანხვედრაშია მარიამ ჯაშთან მოლაპარაკების დროს გაჟღერებულ დაპირებებთან.
აუდიტორია 115-თან შეხვედრამდე მარიამ ჯაში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბახვა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა მზადაა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ, როგორი მმართველობა იქნება სტუდენტებისთვის ყველაზე კარგი. მისი თქმით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლში კორექტირების შეტანა საჭირო არაა,:"კანონის 45-ე მუხლი იმის საშუალებას იძლევა, რომ სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის ისეთი სისტემა ჩამოაყალიბონ, როგორიც სურთ უნივერსიტეტის წესდების ცვლილების გზით".