ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ერთჯერადი სოციალური აქცია, რომლის მიხედვით, იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ და ლარში გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ, 33 ათას მსესხებელს მოიცავს (აქედან 31 ათასს სრულად და 2 ათასს - ნაწილობრივ). ქუმსიშვილის განცხადებით, მთლიანად კომერციული ბანკების სისტემაში ჩვენ გვყავს 75 ათასამდე მსესხებელი, რომელიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი.
„ეს არის 400 მილიონი დოლარი მთლიანად, რასაც გალარება შეეხება, რაც ნიშნავს, რომ ამ თანხას ბაზარზე აღარ მოითხოვენ, რადგან თვითონ მექანიზმის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული, კომერციულ ბანკებზე მოხდება პირდაპირ გადაფარვა. თუ ამ ადამიანებს ხელფასის აღებისას უნდა შეეძინათ თავისუფალ ბაზარზე ვალუტა და ბანკში მიეტანათ, ამ ტრანზაქციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი პირდაპირ მოახდენს ინტერვენციას კომერციულ ბანკებზე, დაუფარავს ღია სავალუტო პოზიციას, ეროვნულ ვალუტაზე არ მოხდება 400 მილიონი დოლარის ზეწოლა და მიეხმარება ჩვენი ლარის სტაბილიზაციას, თუმცა მე არ მინდა, რომ ეს პირდაპირ მივაბათ ვალუტის კურსს, რადგან გაცვლითი ვალუტის კურსი მაინც არის თავისუფალ ბაზარზე და ვაჭრობაზე დამოკიდებული.“ - განაცხადა ქუმსიშვილმა
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ეროვნულ ბანკს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, მისცემს შესაძლებლობას, გაატაროს სწორი ეკონომიკური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. „2017 წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხის სუბსიდირებისთვის 65 მილიონ ლარს ვდებთ.“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.