„პოლიტიკური მოსაზრებებით რაღაც პერფორმანსებს რაც შეეხება, აქ მე ბოტანიკურ სოლიდარობას უფრო ვხედავ, ვიდრე კონკრეტულად პოლიტიკური მიზნებისა და აქტივობების რეალიზების შესაძლებლობას“, - ასე უპასუხა ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ლაშა კილაძემ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასა და კულტივირების უფლების მოთხოვნას.
როგორც კილაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მისაღები შესაძლოა, იყოს მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება და არა ლეგალიზება. მისი თქმით, დეკრიმინალიზებაც ყველა იმ რისკისა და დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რაც კანონმდებლობის ლიბერალიზაციას შესაძლოა მოჰყვეს.
„ლიბერალიზაციას ყოველთვის თან სდევს თანმხვედრი პროცესები, კერძოდ, მოხმარების ზრდა. რა თქმა უნდა, მოხმარების ზრდა, ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ სახელმწიფო ამ ზრდას უნდა შეხვდეს აბსოლუტურად მზადყოფნით, კერძოდ, უნდა იყოს ძალიან ბევრი პრევენციული კამპანია, გაიწიოს ძალიან დიდი სამუშაო, რათა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მარიხუანასთან დაკავშირებით“, - აცხადებს კალაძე.
მას შეკითხვა დაუსვეს ასევე მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებიდან მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლის მაჩვენებლეთან დაკავშირებით.
კილაძის თქმით, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, მათ შორის DAC-იმ (Drug Advisory Committee), მარიხუანა საერთოდ ამოიღო ე.წ. კარიბჭის ჩამონათვალიდან.
მისივე თქმით, ხაზგასმით იმის მტკიცება, რომ მარიხუანის მომხმარებელი აუცილებლად მოიხმარს მძიმე ნარკოტიკს, ეს თეორიულად შესაძლოა, იყოს, მაგრამ კონკრეტულად დადასტურებული ფაქტები ამის თაობაზე არ არსებობს 100 % რელევანტურობით.
„მაგრამ ეს არის ძალიან დიდი რისკი და ამ რისკს სჭირდება შესაბამისი რეაგირება. მოუმზადებლად ამ საკითხების დაჩქარება, თუ არ იქნება შეკავების მექანიზმი, ძალიან ბევრ პრობლემას უკავშირდება“, - განაცხადა მან.
კილაძის თქმით, ადამიანს, რომელიც ჩართულია ნარკოდამოკიდებულის სამკურნალო პროგრამაში, სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ექმნება. რაც შეეხება შპრიცების გაცვლის პროგრამის სრულყოფილად განხორციელების ბარიერებს, მისი თქმით, ეს ალბათ პროგრამის დიზაინის პრობლემა უფროა.
„თუ ადამიანი წარადგენს შესაბამისს საბუთს, ის დევნის ობიექტი არ ხდება. ამიტომ არგუმენტის წონადობას ვერ ვხედავ იმ კუთხით, რომ მოხდეს ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მიღების დეკრიმინალიზება, რომ მკურნალობის პროცესი უფრო გამარტივებული იყოს, მკურნალობის პროცესი დღეს საკმაოდ აქტიურია, სახელმწიფო 5 მილიონს ხარჯავს ამ ტიპის სერვისების მიწოდებისთვის", - განაცხადა კილაძემ.
მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზებაზე კილაძემ განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი. ამის გადაწყვეტა ემოციის დონეზე საშიშია. ამას სჭირდება, სკულპულოზური მუშაობა და პოზიციების შეჯერება სხვადასხვა სტრუქტურას შორის.
„მაგალითად ავიღოთ ასეთი ლოზუნგი - „მკურნალობა დასჯის ნაცვლად", რომელსაც აბსოლუტურად ვემხრობი - ადამიანი იმისთვის არ უნდა დაისაჯოს, რომ ის არის ავად. ეს არის ძალიან თვალშისაცემი ჭეშმარიტება, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან ბევრი საკითხი - უნდა იყოს სამკურნალო დაწესებულებების ქსელი, რომელიც დღეს საქართველოში არ არის. იმისათვის რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყოს დაცული, ზიანის შემცირების პროგრამებისთვის მაგალითად ჩვენს ცენტრს უწევს ძალიან დიდი მუშაობა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის ქსელი გავაფართოვოთ და წარმოიდგინეთ, სტაციონარული და დისპანსერული აღრიცხვის მკურნალობისთვის ქსელის არსებობა ქვეყნისთვის რამხელა დანახარჯთანაა დაკავშირებული. მოსამზადებელია კადრები, ასევე საკანონმდებლო ბაზა. ამას სჭირდება ძალიან დიდი საინფორმაციო მუშაობა, მათ შორის სკოლებში. გეთანხმებით, უნდა დავიწყოთ მუშაობა. უკვე გვიან არის, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები ამ მხრივ გადადგმულია და მასზე თვალის დახუჭვა არ არის სწორი საქციელი“, - განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, ის, რომ არასამთავრობო სექტორი ჩადგეს პოზიციაში, თითქოს მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ გამოდის, ან ხელისუფლება დადგეს იმ პოზიციაზე, რომ არ გაიგონოს ამ არასამთავრობოების მიმართვა, კონტრპროდუქტიული იქნება და პოზიტიურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.
„აქ არის საუბარი - როდის დავიწყოთ ეს, რა ეტაპიდან, რა კონკრეტული ნაბიჯებით. გავაკეთოთ ეს რევოლუციორი გზით და ავიღოთ თავზე უზარმაზარი რისკი, თუ კონკრეტული ნაბიჯებით, ვითარების დალაგებით, ერთიანი ძალებით“, - განაცხადა კილაძემ.