„მივიღე გადაწყვეტილება, წარვადგინო კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე" - უთხრა „ლიბერალს“ გადაცემა „რეალური სივრცის" წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა.
ოფიციალურად კანდიდატურას ნინო ზაუტაშვილი 24 ან 25 დეკემბერს წარადგენს. მისი თქმით, უკვე მომზადებული აქვს პროგრამა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს წარუდგენს, „ჩემი პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი და მთლიანად საზოგადოება გახდეს უკეთესი" - ამბობს ზაუტაშვილი.
დირექტორობის შემთხვევაში, ჟურნალისტი ამის გაკეთებას თავის გუნდთან ერთად შეეცდება. შეკითხვაზე - ვის მოიაზრებს თავის გუნდში, მისი პასუხია - „რეალური სივრცე“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
ბარათაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა წასვლას: „უბრალოდ შესაბამისი პერიოდი არ იყო".
„ახალი წელი მოდის. ტელევიზიაში სიახლეებია საჭირო".
მისი თქმით, აქვს სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა ჯერ არ დააკონკრეტებს.
ხომ არ უკავშირდება მისი გადადგომა ახალი პარლამენტის ფორმირებას? - გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ წასვლა მისი გადაწყვეტილებაა. „რაც შეეხება საარჩევნო ციკლს, კი, ველოდებოდი მის დასრულებას, არჩევნების დროს ტელევიზიის დირექტორის გადადგომა არ იქნებოდა არხისთვის კარგი, ამიტომ ახლა, როდესაც ეს დასრულებულია, ქვეყანა გადავიდა ახალ რელსებზე და კარგი იქნება, თუ ტელევიზიაშიც სიახლეების დრო დადგება" - ამბობს ბარათაშვილი.
გიორგი ბარათაშვილს ვადა, ოფიციალურად, ორი წლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში ეწურება.