
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი მზად არიან, დოლარიდან ლარში 2015 წლის შემდეგ გაცემული სესხებიც გადაიყვანონ. თუმცა ასეთ შემთხვევებზე ე.წ. 20-პუნქტიანი შეღავათი არ გავრცელდება.
”ბანკებთან არის მოლაპარაკება, არის ზეპირი შეთანხმება, რომ მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, 2015 წლის შემდეგ დოლარში გაცემული სესხები გადაიყვანონ ლარებში, თუმცა 2015 წლის შემდგომი პერიოდის სესხების სუბსიდირება არ მოხდება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა.
მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი რამდენიმე ახალი ინიციატივით წარადგინა. მათ შორის ერთ-ერთი ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 65 მლნ ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას მოხმარდება, რომელთაც სესხი 2015 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში აიღეს. სესხის ოდენობა 100.0 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.