„კანონი კლავს" - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობის წინ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველო გამოირჩევა სრულიად არაჰუმანური, არაცივილიზირებული და მკვლელი ნარკოპოლიტიკით, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გაღარიბებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების და ტანჯვის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლების დარღვევას.
„ყოვლად შემაძრწუნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი ტოტალიტარულ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი მკვლელი ნარკოპოლიტიკის გამო მრავალმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე თვითმკვლელობითაც დაასრულა სიცოცხლე, აგრეთვე, მიუხედავად არაერთი საარჩევნო დაპირებისა, დღევანდელი არჩეული ხელისუფლება კვლავ არ არის მოწოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ცვლილებებისთვის და კვლავ მასობრივად ახორციელებს ახალგაზრდების დაპატიმრებას, ჩვენი ოჯახების დევნას, დანაშაულის ზრდას, პროგრესის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას.
თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება იმაზე, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. საქართველოში კი არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არაერთი უარყოფითი შედეგი მოგვიტანა, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, ასევე ჩვეულებრივ ჩვენი საზოგადოებისთვის და ამგვარად ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
აღნიშნული აქცია „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (Genpud) ინიციატივით და „თანადგომისა“ და „საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის“ ( GHRN ) ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.