Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტი ილარიონი: ძეგლთა დაცვის სააგენტოს მოვთხოვ პასუხს ცილისწამებისთვის

08 დეკემბერი, 2016 15:08

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი, ილარიონი (ქიტიაშვილი)  ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებებსა და პროკურატურისადმი მიმართვას, თითქოს ისტორიულ ძეგლებზე დარღვევის ფაქტები შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული, მისდამი და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.  

ამის შესახებ განცხადება ეპარქიამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, თუმცა მანამდე პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სვანეთში - მულახის, ლატალისა და ეცერის თემის უძველეს ძეგლებზე თვითნებურ მიშენებებსა და გადაკეთებებზე მიუთითებენ, ასევე მოუწოდებენ დარღვევების გამოძიებისკენ. 

ეპარქიის განცხადებაში სააგენტოს მიერ აღნიშნულ დარღვევებს უარყოფენ. 

„საერთოდ გაუგებარია XIX საუკუნის ტაძარი, სადაც ხელის ნაკვალევი ეტყობოდა ნალესში, რა ისტორიას გადმოგვცემს და რატომ არის კულტურული მემკვიდრეობა.

ლატალის X-XI სს მაცხოვრის ტაძარში ტაძრის წინამძღვრის მონდომებით მოიშალა XIX საუკუნეში რუსების მიერ გაკეთებული ხის კანკელი და დაიდგა ახალი ქვის კანკელი, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ტაძრის ძველ არქიტექტურას და წარმოადგენს ხელოვნების მაღალ ნიმუშს. რაც მთავარია, ახალი კანკელის ნებართვა გაიცა კულტურის სამინისტროს მიერ და ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი არსებობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნულ გადაცემაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლთა მხრიდან ცილისწამებას ქონდა ადგილი, თითქოს ლატალის მოძღვარმა ნებართვის გარეშე შეცვალა კანკელი.

 რაც შეეხება მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში აშენებულ სამრეკლოს, ამ ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენის დროს ტაძრის მსახური გადადიოდა მოშორებით მდებარე მაცხოვრის ტაძრის ეზოში მდგარ სამრეკლოზე და იქიდან ირეკებოდა მრევლისთვის წირვის მაუწყებელი ზარები. აქედან გამომდინარე, მთავარანგელოზის ეზოში, ტაძრიდან მოშორებით აშენდა სამრეკლო. მხოლოდ ეს არის რაც „დაუშავა“ მოძღვარმა ლატალის ტაძრებს. ალბათ, ძალიან შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რა გააკეთა ჩვენმა მოძღვარმა სვანეთის სამწყსოსთვის, მომავალი თაობისთვის“- ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

მიტროპოლიტმა ილარიონმა „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს მოსთხოვს პასუხს, რადგან მათ არასწორი განცხადებები გააკეთეს და ეს გაუშვეს ტელევიზიით. 

„ყველაფერი უნდა გადამოწმებულიყო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან, ყველაფრის დოკუმენტაცია არის, მე ამისთვის მოვთხოვ პასუხს, რომ არასწორი ინფორმაცია გაუშვეს ტელევიზიაში.როგორ შეიძლება მღვდელმთავარმა დააზიანოს უძველესი ხატები და სიწმინდეები? ეს არის გაუცნობიერებელი და არასწორი ხედვა, იმ  ხატებს ლატალში კონსერვაცია აქვს გაკეთებული, რასაც მე არასდროს არ შევხებივარ და არც შევეხები. დანარჩენს რაც შეეხება, იმას, რომ იქ კანკელი არის გაკეთებული, ეს ყველაფერი 10-ჯერ გავიდა საბჭოზე კულტურულისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად დაამტკიცეს. სვანეთში ტაძრებს აგებდა გვარი, თემი.  სოფელ ჟაბეშშიც არის ეგრე, მე ახლა არ გავიშვერ თითს არავისკენ, არც მოსახლეობისკენ.

დაზიანებულია ბევრი ტაძარი.  ჩვენ შეტანილი გვაქვს განცხადება, თხოვნა სააგენტოში, რომ მიხედონ. დაზიანებულია მაგ: იფარის წმ. გიორგის ტაძარი, აღმოსავლეთის მხარე გახსნილია და ა.შ., მაგრამ არავითარი რეაგირება. რატომ არ ახდენენ ამაზე რეაგირებას, როცა იქ ლპება ხატებიც... ანალოგიური იყო  თანღილზეც, სადაც გავხსენით მონასტერი. იქ არავითარი დაზიანება არ მომხდარა. ეს იყო ცილისმწამებლური. გინდ პროკურატურაში შეიტანონ განცხადება,  თავად შერცხვებიან.  დამელაპარაკონ,  თუ დავაშავე იმის კაცობაც მყოფნის და ვაჟკაცობაც. რომ ვაღიარო.

ამასთან,  ტაძრებში სპონტანურად შევიდნენ, ეს იყო მიზანმიმართული... მათ უნდოდათ, რომ ჩემთვის და სამღვდელოებისთვის დაერტყათ, იქ შიგნითაც ვიცი, ვისგან წამოვიდა ყველაფერი“ - განაცხადა მიტროპოლიტმა.

გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა საგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ინსპექციისა და მონიტორინგის სპეციალისტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთუბანში მდებარე მძოვრეთის ციხეზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოჩენილი დარღვევების გამო მიმართეს საქართველოს პროკურატურას.

ციხე-დარბაზის მთელ პერიმეტრზე უნებართვოდ აღდგენილია კედლები თავისი ქონგურებით, ხოლო ციხის შიდა სივრცეში ეკლესიის გარდა სხვა ნაგებობების კვალი მთლიანად არის წაშლილი. ასევე, აშენებულია არაერთი ახალი შენობა-ნაგებობა, რომელიც არღვევს ძეგლის ავთენტურ იერსახეს და უარყოფითად მოქმედებს მის სრულფასოვან აღქმაზე. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს უხეშ ჩარევას, რაც აზიანებს ძეგლის უნიკალურობას.

სამუშაოებს წინ არ უძღოდა ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და ზედამხედველობა, რამაც გამოიწვია ძეგლის არქეოლოგიური ფენების სრული განადგურება“.- ნათქვამია ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^