ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურათ და ისინი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
როგორც დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დღევანდელი გათავისუფლება იმის დასაწყისია, რომ ცოტა ხანში გამამართლებელ განაჩენს ვიხილავთ.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯამალაშვილის მიმართ არსებული ყველა დარღვევა შეგროვდება და ევროსასამართლოში გაიგზავნება.
”უბრალოდ სავალალო იქნება თვითონ ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენ ამ ცხრათვიან პატიმრობას ასე არ დავტოვებთ. აუცილებლად მივმართავთ ევროსასამართლოს და სარჩელში აღბეჭდილი იქნება ყველა ის დარღვევა, რაშიც უკანონოდ დასდეს ბრალი ზურაბ ჯამალაშვილს”, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
ჯამალაშვილისა და ფხალაძის გათავისუფლებაზე კომენტარი პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გათავისუფლება არანაირად არ არის დაკავშირებული მტკიცებულებების "საკმარისობასთან ან არასაკმარისობასთან“. მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყების დღიდან არც ერთი სხდომა არ ჩავარდნილა, ყველა სხდომაზე გამოკვლეული იყო მტკიცებულებები. მაგრამ საქმის მოცულობიდან და მტკიცებულებების სიმრავლიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა საქმის სასამართლო განხილვების 9-თვიან ვადაში დასრულება.
„დარწმუნებული ვარ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია გაზიარებული იქნება და სახელმწიფო ბრალდება დაადასტურებს წარდგენილ ბრალს”, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი 14 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ადვოკატის თქმით, ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს.