საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია მიიჩნევს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს.
მათ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართეს.
როგორც მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში წერია, სისხლის სამართლის კოდესში უნდა გაჩნდეს 148-ე (ცილისწამება) და 148-ე პრიმა (შეურაცხყოფა) მუხლები.
საკანონდებლო წინადადებაში წერია, რომ წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით უნდა დაისაჯოს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 000 ლარამდე.
განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება, ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება უნდა დაისაჯოს 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმით.
რაც შეეხება შეურაცხყოფას, საკანონმდებლო წინადადების ავტორების აზრით, „წინასწარი შეცნობით, ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა რაიმე უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭვდითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით უნდა დაისაჯოს, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 000 ლარამდე.
განმეორების შემთხვევაში კი იგივე ქმედება ან რასაც თან სდევდა პირის ფიზიკური შეურაცხყოფა, მათი აზრით, უნდა დაისაჯოს 3 წლამდე პატიმრობით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 50 000 ლარამდე.
ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში, ან ეროვნული - რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით, ან ჯარიმით 70 000 ლარამდე ოდენობით.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი შოთა ფაფიაშვილი მიუთითებს, ორივე ქმედების დასჯადად გამოცხადების აუცილებლობა დასაბუთებულია ჟურნალ „იურისტის“ პირველ ნომერში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაში გაერთიანებულები არიან საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები უმაღლესი სამეცნიერო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების მქონე ქართველი მეცნიერ-პრაქტიკოსი იურისტები.
როგორც ფაფიაშვილი აღნიშნავს, აკადემიამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ორივე ქმედების დასჯადად გამოცხადება აუცილებელია, რადგან იგი ხელყოფს არა მარტო პიროვნების პატივსა და ღირსებას, არამედ ხელს უწყობს მოქალაქეთა ზნეობრივ გადაგვარებას, უწმინდურების დამკვიდრებასა და საზოგადოების დემორალიზებას.