დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა და 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს. გიგა ბოკერიამ სხდომის თავმჯდომარისგან მინისტრთან ინტერაქტიულ რეჟიმში საუბრის ნებართვა ითხოვა და, მისივე შეფასებით, რამდენიმე „რიტორიკული“ კითხვა დაუსვა.
„ნახევრად რიტორიკული გამოვა კითხვა, მაგრამ მაინც რომ მივყვეთ ნაბიჯ- ნაბიჯ. აქციზის აწევა იწვევს სერვისსა და პროდუქტებზე ფასის ზრდას, ან ნაკლები ფული რჩება იმას, ვინც ამას აწარმოებს მათ შორის დაქირავებულს და ყველას ერთად. ხომ ასეა ? მეთანხმებით. მადლობა. ესე იგი, მეთანხმებით, რადგან დუმილი თანხმობის ნიშანია. მეორე შეკითხვა, ამ შემთხვევაშიც იქნებ დუმილის გარეშე მიპასუხოთ. ხომ მეთანხმებით, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს სპეციალურად არ ვიძახი პროცენტს, ძალიან უჭირს. მეთანხმებით ? ამაზე მეთანხმებით ? გიჭირთ ამაზე კის თქმა, თუ ჩემთვის პასუხის გაცემა არ გინდათ ? ახლა გავაგრძელოთ - თქვენ თქვენს პრემიერ-მინისტრს ეთანხმებით, რომ ამ ტემპით ეს ქვეყანა ასი წელი ვერ დაეწევა ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას? ამაშიც ეთანხმებით ხო ღარიბაშვილს, ბოდიში ღარიბაშვილი თუ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი გუნდის ლიდერს. ესე იგი, რა გამოდის, რო ამ ვითარებაში თქვენ გადასახადებს წევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს. მაშინ, როცა ლარს ემართება ის, რაც ემართება. პირდაპირ ეუბნებით ხალხს, რომ გაჭირვება არ შემცირდება, ჩვენ უკეთ დავხარჯავთ თქვენს ფულს, ვიდრე თქვენ თვითონ და არ გეშველებათ არაფერი. წინაასარჩევნო დაპირებებზე საუბრობდით და წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს, რომ აქციზის გაზრდას აპირებდით, სად წერია ან რომელ თქვენ კლიპში იყო ეს? რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი ?“ - მიმართა ბოკერიამ ქუმსიშვილს.
ქუმსიშვილმა ბოკერიას საპასუხოდ თქვა, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ვაჟკაცი, განათლებული, მოსიყვარულე და ქვეყნის პატრიოტია, ასევე მას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობები და ის არ არის არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ აქციზის მატებაზე აქციზი გადასახადის ის სახეა, რომელიც გამოყენება ერთი მხრივ მოხმარების რეგულირებისთვის და ეს არის თამბქოს მიმართულება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი როგორც ნავთობის, ისე ყველა დანარჩენი მიმართულებით აისახება ინფლაციაზე. ეკონომიკური გათვლით 1 % გაიზრდება ინფლაცია. თუ არ ეთანხმებით, მაშინ გადაამოწმეთ ეს ნაწილი. რაც შეეხება აქციზის ზრდას და წინასაარჩევნო დაპირებებს, ჩვენ არ მოგვიტყუებია ამომრჩეველი, ბილბორდებზე არ იყო ასახული, თუმცა პროგრამაში საბიუჯეტო სახსრების მობილიზება წერია.“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.