„არის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა შევიწროების ცალკეული შემთხვევები და მხრივ ჩვენ, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ საკითხების გადასაწყვეტად - ამის შესახებ დღეს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
საქართველოს საპატრიარქოს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კომუნიკაციის რეჟიმში არიან ხელისუფლებასთან და პრობლემების მოგვარებას ერთად ცდილობენ.
„ამის საუკეთესი ნიმუშია მუსლიმთათვის გადაცემული 150-ზე მეტი მეჩეთი, დაბრუნებული სინაგოგები, სალოცავები, სარემონტო სამუშაოები, საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხა, რომელსაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე კონფესია იღებს და იმედია, მათ რიცხვს მალე სხვებიც შეუერთდებიან. სახელმწიფო ცდილობს, განამტკიცოს ტოლერანტობის ის სულისკვეთება, რაც ჩვენს ტრადიციებშია და რისი შებღალვის მცდელობებიც, სამწუხაროდ, იყო და არის" - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, სრულიად მიუღებელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება მათ საქმიანობაში ერევა და აკონტროლებს.
„„თუკი ეს ჩვენი უფლებების დასაცავადაა ნათქვამი, ამგვარი განცხადებებით პირიქით, ცდილობთ ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ჩვენს დაკნინებას, ჩვენი ავტორიტეტის დაცემას მრევლში და არანაირად არ ემსახურებით ჩვენი უფლებების განმტკიცებას" - ნათქვამია განცხადებაში.
„ლიბერალის" შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ დღეს სახელმწიფო ადეკვატურად პასუხობს მუსლიმთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს, ან ზოგადად ხდება თუ არა დღეს საქართველოში მუსლიმი თემის დისკრიმინაცია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი, შეიხი რამინ იგიდოვი პასუხობს, რომ შიგადაშიგ ვაწყდებით მუსლიმთა დისკრიმინაციის ფაქტებს, ოღონდ არა სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების მხრიდან.
„სამწუხაროდ, მრავალფეროვან საზოგადოებაში ეს გარდაუვალია, მე ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო აკეთებს ამას, იგი პირიქით, ცდილობს განმუხტოს ვითარება. გამოსავალი ის არის, რომ ადამიანების განათლება მოხდეს. მე როგორც მუსლიმი სასულიერო ლიდერი, ვამბობ, რომ ძალიან ცუდია, როცა ადამიანებს ვხედავთ რომ ქუჩაში უწევთ ლოცვა. ყველას აქვს უფლება, თავის სალოცავში ილოცოს. შგადაშიგ ვხედავთ, რომ საზოგადოების ნაწილი ადამიანებს ზოგჯერ მეორეხარისხოვან მდგომარეობაში აყენებენ, რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩამოთვლილი პრობლემების ფონზე, რომ არ შეიქმნას ამის მოგვარების რაიმე ფორმატი, თუნდაც კომისია, ესეც არ იქნება სწორი. რაც შეეხება თუნდაც მოხეს, ეს წლების წინ არსებული პრობლემაა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. რელიგიის სააგენტო დღეს ამ საკითხების მოგვარებას ცდილობს. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ერთ და ორ წელში შეიძლება შეუძლებელი იყოს, რადგან წლების განმავლობაში სადაოდ იქცა ეს შენობები, დაველოდოთ" - თქვა შეიხმა.
საპატრიარქოს პრესმდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ საპატრიარქო თავიდანვე მიესალმებოდა რელიგიის სააგენტოს შექმნის იდეას.
„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პოზიტიურად შევხვდით თავის დროზე ამ სააგენტოს შექმნის იდეას, რომელიც სახელმწიფოსგან მოდიოდა. ჩვენი, როგორც დომინანტი რელიგიის ინტერესში იყო, რომ სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის მხრიდან არ ყოფილიყო კრიტიკა და საჩივრები იმაზე, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც დომინანტი რელიგია განსაკუთრებულ პატივშია სახელმწიფოს მხრიდან და სხვა რელიგიები დაჩაგრულია მასთან შედარებით. ამიტომ, თავიდანვე განვაცხადეთ კმაყოფილება სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომელთანაც, შექმნის დღიდან ვთანამშრომლობთ. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანთა ჯგუფები, ვგულისხმობ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს იმისთვის, რომ საქართველოში რელიგიური კლიმატი არ გაჯანსაღდეს. როგორც ჩანს, არის მიმდინარეობები,რომელთაც უნდათ, რომ ქაოსი და აჟიოტაჟი, რომელიც აქამდე იყო, არ მორჩეს და ამის ფონზე, ასეთმა ორგანიზაციებმა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ" - თქვა ბოტკოველმა.
შესწორება: პრესრელიზში, რომელიც ბრიფინგზე ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს, ნათქვამი იყო, რომ განცხადების ტექსტს 8 რელიგიური გაერთიანება, მათ შორის საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაც იზიარებდა, რაც „ლიბერალის" მიერ გამოქვეყნებულ ტექსტშიც აისახა. თუმცა, მოგვიანებით, „ლიბერალს" ეკლესიის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მათი სახელი განცხადებაში მათგან დაუკითხავად მოხვდა.
ბრიფინგს არც ლათინ კათოლიკეთა ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რელიზში მათი სახელიც არის მოხსენიებული. კათოლიკე ეკლესიაში „ლიბერალს" უთხრეს, რომ განცხადების ტექსტს არც ისინი იზიარებენ.