
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარით განისაზღვრა. კერძოდ: საბიუჯეტო სახსრები - 10 338.3 მლნ ლარი, გრანტები - 154.5 მლნ ლარი, კრედიტები - 922.7 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 253,8 მლნ ლარით იზრდება და 3 415.8 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29.9%).
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144,8 მლნ ლარით იზრდება და გათვალისწინებულია 1 116.2 მლნ ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 258.0 მლნ ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლარით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
თავდაცვის სამინისტროსთვის - 748.0 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 585.0 მლნ ლარი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის - 118.0 მლნ ლარი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის - 139.1 მლნ ლარი.
ენერგეტიკის სამინისტროსათვის - 132.3 მლნ ლარი.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 110.0 მლნ ლარი.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის - 99.6 მლნ ლარი.
იუსტიციის სამინისტროსთვის - 62.0 მლნ ლარზე მეტი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 84.8 მლნ ლარამდე.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის - 136.8 მლნ ლარზე მეტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის - 35.7 მლნ ლარი.
ფინანსთა სამინისტროსთვის - 82.3 მლნ ლარს შეადგენს.
17.0 მლნ ლარით არის გაზრდილი საერთო სასამართლოების დაფინანსება და 69,0 მლნ ლარს შეადგენს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;
მთავრობის სარეზერვო ფონდი - 40 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 65 მლნ ლარის გამოყოფას ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. ეს სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, არა უმეტეს 100.0 ათასი ლარისა.
2017 წლიდან დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა. რაც იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.
გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.
ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რაც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250 მლნ ლარზე მეტი შემოსავალის მომცემი იქნება.
ამასთან, თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები 10 – 10 პროცენტით იკვეცება. ეს კი 2016 წელთან შედარებით იწვევს 100 მლნ. ლარზე მეტი ეკონომიის წარმოქმნას.
მცირდება ან უქმდება საბიუჯეტო პროგრამების ნაწილი. შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი და შემცირდება საწვავის ხარჯები.
იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა.