
„ფემიციდი - დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელწმიფო ვალდებულება" - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც კავშირმა „საფარმა" მოამზადა.
კვლევის ავტორების თქმით, დოკუმენტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ფემიციდისა და სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ: ფემიციდსა და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების ანალიზის მომზადება, რაც დაეხმარება საქართველოში მოქმედ შესაბამის უწყებებს სწორი რეაგირება მოახდინონ ქალზე ძალადობის ფაქტზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფატალური შედეგი. ხოლო ქალთა მკვლელობის შმთხვევაში დადგინდეს კავშირი მკვლელობასა და გენდერულ დისკრიმინაციას შორის და გაცნობიერდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, რომელიც არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტით არის აღიარებული.
დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა.
2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 26 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. აქედან, 14 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებშია ჩადენილი.
კვლევის ავტორების თქმით, შეშფოთების საფუძველს იწვევს, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევაში, მსხვერპლს შესაბამისი რეაგირების თხოვნით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ყველაზე უფრო რთულ სფეროს წარმოადგენს, რადგან ოჯახში ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი პოლიციისთვის მიმართვის გარეშე რჩება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც პოლიციას მიმართავენ, პოლიცია აღნიშნულ საქმეს გენდერული პერსპექტივით არ სწავლობს.
„ოჯახი ის ადგილია, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ინტიმურ-პარტნიორული ძალადობა (Intimate partner violence- IPV) ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დაფნე პროექტი 2007-2013 (Daphne Project 2007-2013) მოიცავდა კვლევას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ინტიმურ-პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებული მკვლელობების შესახებ. კვლევამ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა: ევროპაში ყოველწლიურად 3 500 ადამიანის სიკვდილი უკავშირდება ინტიმურ-პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც დღეში 9 დაღუპულ ადამიანს ნიშნავს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით 9 დაღუპულიდან 7 ქალია,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევის ავტორებმა ფემიციდის რისკფაქტორების შესახებ ისაუბრეს.
ფემიციდის რისკფაქტორებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ფაქტორი ფიზიკური ძალადობის ისტორიაა მოძალადესა და მსხვერპლს შორის. სხვა მნიშვნელოვან რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ეჭვიანობა, ფიზიკური ან ეკონომიკური შეზღუდვები და სოციალური იზოლაცია.
მიჩნეულია, რომ წყვილის განშორება/გაყრა ფემიციდის ერთ-ერთი რისკფაქტორია. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით სტატისტიკა მოიპოვება, მონაცემებით დადასტურდა, რომ 40,46% ფემიციდებისა მოხდა წყვილების დაშორების პერიოდში.
ასევე, ერთ-ერთ რისკფაქტორად მიიჩნევა გადაკიდება (stalking). კვლევების თანახმად, ქალების 75% განიცდიდა თვალთვალს მისი მკვლელობიდან ბოლო 12 თვის განმავლობაში (McFARLANE, J.M., CAMPBELL, 1999). მოთვალთვალეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კატეგორიად მიჩნეულნი არიან ყოფილი პარტნიორები .
სოციუმთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს შორის, გამოყოფენ გარშემომყოფთა მხარდაჭერის ნაკლებობის ფაქტორს. რადგან ხშირ შემთხვევებში მკვლევლობის შესახებ მუქარას ხშირად ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები თუ თანამშრომლები შესწრებიან, თუმცა ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ ამგვარ მუქარას და არ ერევიან კონფლიქტში, იმ მოტივით, რომ ეს „პირადი საქმეა” .
სახელმწიფოს მხრიდან გენდერული თუ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის არარსებობა ფემიციდის რისკფაქტორებს მიეკუთნება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა. კვლევებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ხელმისაწვდომობა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიც არის დამცავი და შემაკავებელი ორდერების ისტორია, ოჯახში ძალადობის ისტორია კონკრეტული შემთხვევის შემთხვევაში, მოძალადის კრიმინალური მონაცემები/ისტორია და ა.შ.,
კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ გენდერული ნიშნით მკვლელობების შესაჩერებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და სხვა ზომებს, რათა დისკრიმინაციისა და ძალადობის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ფაქტორების აღმოფხვრა მოხდეს. სახელმწიფოებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ფემიციდი არის დანაშაული, რომელიც საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების უმოქმედობისა თუ არასათანადო რეაგირების შედეგია, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ იმ ქალების სიცოცხლის უფლების დაცვა, რომლებიც არაერთხელ დაექვემდებარნენ დისკრიმინაციასა და ძალადობას.
„ფემიციდი – დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება“ კავშირმა „საფარმა” ფონდი „ღია საზოგადოებისა“ და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.