
„მედიის განვითარების ფონდის" მიერ მომზადბეული კვლევის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები მაუწყებლებს შერჩევითად შეუდგინა.
MDF-ის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონდარღვევით გაშუქების გამო საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის 11 ვ პუნქტის საფუძველზე კომისიამ 7 ნაციონალურ და 5 რეგიონულ მაუწყებელს სულ 15 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კომისიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე 3 ტელემაუწყებლისთვის - საზოგადოებრივი არხი, GDS-სა და “ობიექტივისთვის” არ შეუდგენია, ხოლო 12 მაუწყებლის შემთხვევაში იდენტურ დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინა.
მკვლევარების თანახმად, შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობის გადამოწმების მიზნით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყო.
„ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან 2 დარღვევის შემთხვევას მარეგულირებლის მხრიდან რეაგირება ერთ თვეზე მეტი დაგვიანებით, მას შემდეგ მოჰყვა, რაც 31 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კომისიის არათანმიმდევრულ მიდგომაზე რუსთავი 2-ისა და იმედის შემთხვევებზე დაყრდნობით იყო საუბარი. შერჩევითი და არათანმიმდევრული მიდგომა გამოვლინდა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც 1500 ლარიანი ფინანსური სანქციები მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების (რუსთავი 2-ის მიმართ 2-ჯერ, ტაბულა), ასევე 2 რეგიონული მაუწყებლების (თრიალეთი, არგო) შემთხვევაში გამოიყენა, სხვა ტელევიზიების მიმართ კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან იდენტურ დარღვევას 3-ჯერ ჰქონდა ადგილი" - ვკითხულობთ კვლევის მიგნებებში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო კოდექსის 51.11 ვ) მუხლის დარღვევის ერთ-ერთ საქმეზე ტელეკომპანია რუსთავი 2 ადმინისტრაციულ ორგანოს გაუთანაბრა, ხოლო კვლევის მედია გაშუქება - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინფორმაციის გამოქვეყნების წესს.
„ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 5 საინფორმაციო სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, რადგან მაუწყებლებისგან განსხვავებით მარეგულირებელი სააგენტოებისა და სხვა ონლაინ გამოცემების სრულფასოვან მედია მონიტორინგს არ ატარებს" - ვკითხულობთ კვლევაში.