Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმონ ჯანაშია: დიფერენცირების პოლიტიკა განათლებაში მნიშვნელოვანი ინიციატივაა

19 დეკემბერი, 2016 12:45

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. მათ შორისაა სკოლების ტიპებად დაყოფა და ბრენდირება.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილებები სკოლების ინდივიდუალური მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომლის საბოლოო მიზანიც სკოლების ეფექტიანი მართვაა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სკოლის დაფუძნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სკოლების ბრენდირების სისტემამ ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს. ბრენდირება სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემაა, რომელიც სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ეფუძნება. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება, სკოლების ბრენდირებისა და ტიპებად დაყოფის შესახებ, სკოლების მექანიკური დაყოფაა - სკოლის ზომისა და მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით. მინისტრის განმარტებით, ცვლილება სკოლების „ცუდ“ და „კარგ“ დიფერენცირებას არ გულისხმობს, არამედ ისინი დიდი, საშუალო და მცირე სკოლების კატეგორიებად დაიყოფა.

განათლების სისტემაში დიფერენცირებული პოლიტიკის შემოღების ინიციატივის შესახებ ლიბერალიგანათლების მკვლევარ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, რომლებმაც კანონში შესატანი ცვლილებები შეაფასა:

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის ინიციატივა, დაიყოს სკოლები სხვადასხვა ტიპებად მათთან დიფერენცირებული პოლიტიკის განსახორციელებლად, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს განათლების სისტემის განვითარების დასაჩქარებლად. დღეს ყველა სკოლას - დიდს, პატარას, შედარებით უკეთესი შედეგებისა თუ პრობლემურ სკოლებს - სახელმწიფო უმეტესად ერთგვაროვნად არეგულირებს, ერთნაირად აწვდის რესურსებს და ერთსა და იმავე ინსტრუმენტებს სთავაზობს განვითარებისთვის. სკოლას, სადაც მასწავლებლების პოვნის პრობლემაა, იმავე რეგულაციებით უწევთ მათი დაქირავება, როგორც სკოლებს, სადაც მასწავლებლის შემცვლელის პოვნა არ უჭირთ. იმ სკოლას, რომელსაც გამოცდილი ფინანსური მენეჯერი ჰყავს, იმავე რეგულაციებით უწევს საკანცელარიო ნივთების შეძენა, როგორც იმ სკოლას, სადაც ფინანსური მენეჯერის ფუნქციებს გამოუცდელი ადამიანი ითავსებს.

დიფერენცირებული მიდგომები საჭიროა არა მხოლოდ სკოლების მართვისთვის, არამედ ზოგადად სისტემის გაუმჯობესების ინსტრუმენტების შემუშავებისთვისაც. მაგალითად, დღეს, პროფესიული განვითარების მოთხოვნები ოცდახუთი თუ სამოცდაათი წლის მასწავლებლისთვის  ერთი და იგივეა. მაგალითად, ამგვარი მიდგომის შედეგია, რომ მასწავლებლების საყოველთაო საწვრთნელი პროგრამები არაეფექტურია. მაშინ როდესაც, რამდენიმე ათეულ ათას პედაგოგს, კარიერის დასასრულს პროფესიულ განვითარების დაწყებას სწორედ ამ წვრთნების მეშვეობით სთავაზობენ.

ახალი ინიციატივა რომ წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია სწორ პრინციპებს სწორი ინსტრუმენტებიც შევუსაბამოთ. რაც აქამდე კანონის ცვლილებების პროექტიდან და მინისტრის განცხადებებიდან ვიცით, ორი სწორი პრინციპია ჩადებული. ერთია მიდგომების დიფერენცირება განსხვავებული სკოლებისთვის, მეორე კი უკვე მოქმედი და გამოცდილი პოლიტიკის მექანიზმების გამოყენება ამ პროცესის ორგანიზებისთვის. პრობლემა ის არის, რომ ამ სისტემის მართვის ერთ-ერთ მექანიზმად სკოლების, ე.წ. ბრენდირება დასახელდა.

საქართველოში ბრენდირების სისტემა დაახლოებით 5 წლის წინ შემოვიდა და სკოლების რეიტინგების შექმნას დაუკავშირდა. ამგვარი სისტემები სერიოზულ პრობლემებს ქმნიან საზღვარგარეთ, რადგან სკოლებს უბიძგებენ არა საკუთარი საჭიროებების და მისწრაფებების იდენტიფიცირებისკენ, არამედ უფრო რეიტინგში გამარჯვებისაკენ. რეიტინგში წინ წაწევა კი ხშირად განათლების ხარისხის გაუმჯობესების გარეშეც შესაძლებელია.

მართალია, ბოლო კომენტარში მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლები არა რეიტინგის მიხედვით, არამედ ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით დაიყოფა (მაგ. მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით). ეს მიდგომაც პრობლემურია. უკეთესი ადამიანური თუ ფინანსური რესურსის ქონის მიზეზი არ შეიძლება იყოს ის, რომ სკოლაში ბევრი ბავშვი სწავლობს. მცირეკონტიგენტიანი სკოლებიც, მაგალითად, კერძო სკოლები სულაც არ არიან ყოველთვის პრობლემური სკოლები.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სკოლა შეიძლება ერთი რაიმე მიმართულებით მეტ შესაძლებლობას ფლობდეს, ვიდრე მეორე მიმართულებით. მაგალითად, შეიძლება ფინანსური მართვის კუთხით სკოლას უკეთესი პოტენციალი ჰქონდეს, ვიდრე, მაგალითად, სასწავლო პროცესის მართვის კუთხით. სწორედ ამის გამო, უკეთესი იქნება არა სკოლების დიდი ჯგუფების ჩამოყალიბება, არამედ სკოლებში მართვის მიმართულებით პოლიტიკის დიფერენცირება.

ამ მიდგომით, ერთი და იგივე სკოლა ადამიანური რესურსების მართვის თვალსაზრისით შესაძლოა,  ერთი ტიპის იყოს, სასწავლო პროცესის მართვის თვალსაზრისით - მეორე; მატერიალური ან ფინანსური რესურსების მართვის თვალსაზრისით კი - მესამე. ამგვარი პოლიტიკით შეიძლება მივიღოთ სკოლა, რომელიც ინოვაციურ სასწავლო გეგმას ახორციელებს, მაგრამ, ვთქვათ, ქონების მართვის თვალსაზრისით სხვა სკოლების მსგავსია. დაახლოებით ასეთივე სისტემა დღესაც მოქმედებს, ე.წ. გაძლიერებული სწავლების მქონე სკოლებისთვის (მაგ. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში).

უკეთესი იქნებოდა, რომ დიფერენცირებული მიდგომა ბრენდირების ნაცვლად სხვა არსებულ მექანიზმს დაეფუძნება. კონცეფტუალადაც და ფუნქციურადაც უფრო ახლოს ამ იდეასთან სკოლების აკრედიტაციის სისტემა დგას. დიფერენცირების შემთხვევაში სკოლებისთვის მართვის მიმართულებების მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა დონის აკრედიტაციის მინიჭება. აკრედიტაციის პროცესი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს გაითვალისწინებს, რაც ჯერჯერობით შემოთავაზებულ პრინციპებში არ ჩანს. ეს არის - სკოლების მოტივაცია.

თუ სისტემა სკოლების სურვილსაც გაითვალისწინებს, რომ გარკვეული ტიპის აკრედიტაცია მიიღოს, ასეთ შემთხვევაში სკოლის ტიპების განსაზღვრა მათთვის თავს მოხვეული აღარ იქნება. ეს კი, ერთი მხრივ, სკოლების მიმღებლობას გაზრდის, მეორე მხრივ კი, გარკვეული ინდიკატორი იქნება გადაწყვეტილების მიმღებთათვის, თუ რამდენად არის მზად სკოლა მართვის გარკვეული მიმართულებით განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად. სკოლების ინიციატივას, რომ მართვის მიმართულების ერთი ტიპიდან მეორეზე გადავიდეს, ცხადია, ხელშეწყობის მექანიზმებიც დასჭირდება.

დიფერენცირების პოლიტიკა განათლებაში მნიშვნელოვანი ინიციატივაა და სწორ პრინციპებს ეფუძნება. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ არ ჩანს, რამდენად აქვს სახელმწიფოს სურვილი, რომ ეს სწორი პრინციპები პოლიტიკის შესაბამის ინსტრუმენტებსაც დაუდოს საფუძვლად. სწორი გათვლების შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ სკოლებს  განვითარების მეტი მოტივაცია, რესურსები და თავისუფლება გაუჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში განათლების სისტემაში შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიმღებების ძალისხმევის კონცენტრირება იქ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს იმ ფინანსურ რესურსს, რაც დღეს ხშირად საყოველთაოდ განსახორციელებელ, უშედეგო ღონისძიებებზე იხარჯება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^