
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ინიცირებულ, ცილისწამების კრიმინალიზების საკანონმდებლო წინადადებას გამოეხმაურა. მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს და ის გუნდთან ერთად მხარს არ დაუჭერს მსგავს ინიციატივებს.
„მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ და ასევე გუნდის საბოლოო პოზიციაც ეს იქნება, რომ ცილისწამების კრიმინალიზება ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს და შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ რომ მხარი უნდა დავიჭუროთ მსგავსს ინიციატივებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია მიიჩნევს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს. როგორც მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში წერია, სისხლის სამართლის კოდესში უნდა გაჩნდეს 148-ე (ცილისწამება) და 148-ე პრიმა (შეურაცხყოფა) მუხლები.