პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე.
„ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს 19 დეკემბერს საღამოს უცნობმა პირმა ესროლა, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე გამოდიოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. BBC-ის ცნობით, მომხდარზე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.