თბილისის საკრებულომ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვით, „ხმაური, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში, რომელიც აღწევს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსეებში და რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს გამოიწვევს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.“
გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 და იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას.
ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მისი შემდეგი ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 1000 ლარის ოდენობით.
წინადადების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის „დღის საათებად“ მიიჩნევა დროის მონაკვეთი 07;00 საათიდან - 23;00 საათამდე, ხოლო „ღამის საათებად“ - დროის მონაკვეთი 23:00 საათიდან - 07:00 საათამდე.
ამავე წინადადების მიხედვით, 2017 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტი აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების პროცედურების შესახებ. ასევე შსსმ უნდა გამოყოფოს თანხა ბიუჯეტში ხმაურზომი მოწყობილობების შესაძენად. ასევე პოლიციელებმა უნდა გაიარონ შესაბამისი სასწავლო კურსები.