რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა მსვლელობა მისცა m2-ის საკანონმდებლო წინადადებას.
სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მწვანე აქტივისტები. „პარტიზანი მებაღეები" პარლამენტში „m2 უძრავი ქონების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხილვის შეჩერებას მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ აღნიშნული საკითხები მერიასთან, სამუშაო ფორმატში, სპეციალისტების ჩართვით უნდა შემუშავდეს. მათ წინადადების დაჩქარებულად განხილვაზეც გაამახვილეს ყურადღება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინადადება არის უფრო ადგილობრივი ორგანოების საკითხი, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს ცენტრალურ დონეზე გარკვეული შესწორებები.
მისი თქმით, უფრო ლოგიკური იქნება, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ადგილობრივ, მერიის დონეზე დაიწყოს, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, ამის შემდეგ კი მოხდეს პროექტის პარლამენტში ინიცირება.
„რისკი არის ის, რომ რეალურად არ გვაქვს სანდო მექანიზმი, იმის განსასაზღვრად, რომელი ხეა დაავადებული, თანაც ისე, რომ არ ექვემდებარება განკურნებას და საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ თუ ხე უიმედოდ არის დაავადებული, ამ შემთხვევაში შეიძლება მართლაც არ იყოს საკომპენსაციო ღირებულება დაწესებული მის მოჭრაზე, მაგრამ თავად იმის დასადგენად, რომ ხე არის ამ კონდიციაზე, სანდო მექანიზმი დღეს არ გვაქვს. ამასთან არის კიდევ უამრავი საკითხი და ლოგიკური იქნებოდა, შეგვექმნა სამუშაო ჯგუფი და ისე დაგვეწერა პროექტი“, - ამბობს ურუშაძე.
ვინაიდან კომიტეტმა მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, აქტივისტებმა სხდომა დატოვეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, მათ საკანონმდებლო წინადადებაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ დაავადებული ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვის მიუხედავად, კერძო მესაკუთრეს უწევს კომპენსაციის გადახდა, რაც მიაჩნიათ, რომ არ არის სწორი.
„დაავადებული ხე მრავალი პრობლემების გამომწვევი შეიძლება იყოს, ამიტომ სტიმულირება კერძო სექტორის ასეთი ხეებისგან ტერიტორიების გაწმენდის მხრივ კარგი ინიციატივაა. რაც შეეხება შესაბამის დასკვნას და ნებართვის მიღებას, არსებული კანონმდებლობით არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიპოვო ნებართვა დაავადებული ხის მოჭრაზე. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აღნიშნული კანონმდებლობის ფარგლებში მოპოვებული ნებართვის შემთხვევაში, გადასახადიდან გავთავისუფლდეთ. სხვა ცვლილებაზე საუბარი არაა. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა ამ კუთხით არ არის დახვეწილი, შემოიტანოს ინიციატივა, უფლებამოსილების განსაზღვრის კუთხით, თუ ფიქრობენ, რომ არასაკმარისად არის კანონში განსაზღვრული“, - აცხადებს ბურდილაძე.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ დღეს შემოსული კონკრეტული წინადადება მხოლოდ კერძო მესაკუთრეების გადასახადიდან გათავისუფლებას ეხება და არანაირ კავშირში არ არის გარემოს დაცვის კუთხით რაღაცის გაუმჯობესაბაზე ან გაუარესებაზე.
„სტატუს კვო ამ კუთხით არ იცვლება. ნებართვა გაიცემა ჩვეულებრივად, როგორც გაიცემოდა მანამდე“, - აცხადებს კუჭავა. მისი თქმით, „m2-ის წინადადების კანონპროექტის სახით წარდგენაზე გარემოს დაცვის კომიტეტი იმუშავებს.
რაც შეეხება კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს კანონმდებლობის სხვა კუთხით არსებულ ხარვეზებზე, კუჭავა აცხადებს, რომ ის გამოვიდა ინიციატივიით, რომ მისი კომიტეტის ფარგლებში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე და უწყება მიიღებს მონაწილეობას და ამ კუთხით კომპლექსური პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებენ.
„m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირებას მოითხოვს.
„ჩვენი ინიციატივა ეხება კონკრეტულად ერთ საკითხს – მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებით კერძო მესაკუთრეების ტერიტორიაზე არსებული დაავადებული ნარგავების მოჭრის უფლებების მიღებას კომპენსაციის გადახდის გარეშე. მიგვაჩნია, რომ დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა წარმოადგენს საშიშროებას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ნარგავების დაზიანების თავლსაზრისით. შესაბამისად, დაავადებული ნარგავებისაგან ქალაქის ტერიტორიის გათავისუფლების სტიმულირება შედის ქალაქის ინტერესებში. გთხოვთ ეს ინიციატივა განიხილოთ დაჩქარებული წესით“, ნათქვამია წერილში.