საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საკონსტიტუციური სარჩელები, რის მიხედვითაც მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ აწესებენ თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
„მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციებით, დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მიემართება როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი.
კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად. ამასთან, არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა, პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოცემული ქმედებებისთვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.