Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯად კარიმი საქართველოს EU-ში გაწევრებაზე: ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ამბიციებს

20 დეკემბერი, 2016 19:30

ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის საბოლოო მიზანს... და ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. 

19-20 დეკემბერს თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც, საქართველოს პარლამენტის მხრიდან თამარ ხულორდავა, ევროპარლამენტის მხრიდან კი საჯად კარიმი თავმჯდომარეობენ. 

„ლიბერალის" შეკითხვაზე, თუ რამდენად არის შესაბამისი დრო იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, საჯად კარიმი პასუხობს, რომ საქართველო ყოველთვის ნათლად გამოხატავდა თავის უმთავრეს ამბიციებს და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს დაეხმაროს რეფორმების განხორციელების გზაზე. 

„საქართველო აღიარებს რეფორმების საჭიროებას, ასე რომ, ეს არ არის ევროკავშირის განყენებული პოზიცია, რომ გარკვეულ საკითხებზე მუშაობაა საჭირო. ჩვენ ვხედავთ საქართველოს გულწრფელ ერთგულებას რეფორმების მიმართ და მზად ვართ, მათ შესასრულებლად ქვეყანას დახმარება გავუწიოთ. ვაღიარებთ საქართველოს ამბიციებს, პროგრესს, რომელსაც მიაღწია. ამის საუკეთესო ნიმუშებია ასოცირების შეთანხმება და DCFTA. მზად ვართ, წავახალისოთ საქართველო, რათა გააგრძელოს სიარული გზაზე, რომელიც ამბიციების დაკმაყოფილებას გულისხმობს. მზად ვართ, ყველანაირი საჭირო დახმარება გავუწიოთ საქართველოს, რათა დააკმაყოფილოს ყველა სტანდარტი. მიღწეული პროგრესი ქმნის ძლიერ საფუძველს იმის სათქმელად, რომ მომავალში პოლიტიკური კაპიტალისა და დროის ინვესტიცია ორივე მხარისთვის მისასალმებელია. ამას ევროკავშირი მიესალმება" - უთხრა კარიმმა „ლიბერალს".

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა კი ამბობს, რომ ნაჩქარევი განცხადების გახმაურებით, შესაძლოა, შედეგი კონტრპროდუქციული აღმოჩნდეს. მისი თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არა მხოლოდ გაწევრების განაცხადის გასაკეთებლად, არამედ წევრობისთვისაც მზად არის, მაგრამ მეტი მომზადება სჭირდება იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. 

„მეორე მხარეც უნდა შევამზადოთ ამისთვის, პარტნიორებიც. ძალიან სწორი ნაბიჯებით მივდივართ, გეზი აღებული გვაქვს, გაცხადებულიც გვაქვს არაერთხელ, რომ ჩვენი ამბიციის მწვერვალი არ არის ასოცირების შეთანხმება. არამედ, ეს არის ინსტრუმენტი, რათა ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს, შესაბამისი იმ სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირშია მისაღები. ჩვენ გვინდა უფრო მეტი, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ის რეალური მექანიზმები და ბერკეტები, რომლებიც ჩვენს ხელშია" - უთხრა ხულორდავამ „ლიბერალს".

მისი თქმით, პარლამენტში მისი ყოფნის პერიოდში პირველსავე შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ გაწევრების პროცესი დაიძრას, თუმცა დღეს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები გამოწვევაა. 

„BREXIT დიდი დარტყმაა ევროკავშირისთვის. მას ახალი ძალების მოკრება სჭირდება, რათა დააბალანსოს ეს დარტყმა და მეორე მხრივ, არის პოპულისტური პარტიების მომძლავრება რიგ ევროკავშირის სახელმწიფოებში. არ ვადარებ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. ის, რომ მათთან შედარებით მოწინავე პოზიციებზე ვართ, ეს არაფერს მეუბნება. მინდა, თავი იმას შევადაროთ, ვისაც ჩვენზე ნაკლები პრობლემა აქვთ, რათა მეტი ამბიცია გვქონდეს" - თქვა ხულორდავამ. 

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გეოპოლიტიკური ვითარებაც გაითვალისწინოს. 

„შიდა პროცესების გათვალისწინებით, საქართველო უკვე მზად არის წევრობისთვის, მაგრამ ევროკავშირის წევრობაზე გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურ მხარეს უკავშირდება, ვიდრე ტექნიკურს. მოლდოვამ უვიზო მიმოსვლა საქართველომდე მიიღო. ეს რატომ მოხდა? მოლდოვა უფრო კარგად იყო მომზადებული, ადამიანის უფლებებს უფრო კარგად იცავდა? იმიტომ რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა ევროკავშირს. ჩვენც უნდა შევიდეთ ამ პოლიტიკურ ინტერესთა სივრცეში, გავაძლიეროთ ეკონომიკა, მიმზიდეველები ვიყოთ, ვიდრე დღეს ვართ. როცა ევროკავშირიც დაინახავს ჩვენი გაწევრების საჭიროებას, ეს პროცესიც უფრო წრაფად წავა წინ. ძალიან ძნელია დღეს ამის გაკეთება. რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა ჩენს ირგვლივ, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად განვვითარდეთ. ამ გარემოს ანგარიში უნდა გავუწიოთ" - თქვა ხულორდავამ „ლიბერალთან" საუბრისას. 

საქართველოს მთავრობაში კი მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადით მთავრობამ მოსახლეობაში ცრუ მოლოდინი არ უნდა შექმნას. წინამორბედის მსგავსად, ამ აზრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ახალი სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძეც იზიარებს. 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე კი მიიჩნევს, რომ თუკი საქართველო გაწევრების განაცხადის გასაკეთებლად „შესაბამის დროს" ელოდება, შესაძლოა, ასეთი დრო არც არასდროს დადგეს, ამიტომ, საქართველომ „სწორი დრო" თვითონ უნდა შექმნას. 

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივაზე უფრო ვრცლად, იხილეთ „ლიბერალის" დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირისკენ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^