
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
რაც შეეხება დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკველობის ბრალში კი დამნაშავედ ცნო და მას საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება.
გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დავით ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის: შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდებიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.