
თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სემეკის გადაწყვეტილებით, „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის” დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 9.056 თეთრი.
შპს „ჯიფაუერისთვის” დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ - 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.120 თეთრი.
შპს „მტკვარი ენერჯისთვის” დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 12.194 თეთრი.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის” დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.234 თეთრი.
ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.
რამდენად აისახება წარმოების ტარიფის ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზე, ჯერ ცნობილი არ არის. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ სემეკის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 26 დეკემბერს გახდება ცნობილი,
„რაც შეეხება თბოელექტროსადგურებისთის გაზრდილი ტარიფის ზეგავლენას სამომხმარებლო ტარიფებზე, პრინციპში ამ ტარიფებით იხელმძღვანელებს ტარიფებისა და ფასთწარმოქმნის დეპარტამენტი, შესაბამისად, უკვე ორშაბათისთვის გვექნება სურათი, თუ რა სიტუაცია იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში”, - განაცხადა გოჩა შონიამ.