Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანდატურის სამსახურში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო გაუქმდება

21 დეკემბერი, 2016 18:22

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგეგმილი ოპტიმიზაციის შედეგად, მანდატურის სამსახურის პოფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო უქმდება. როგორც სამმართველოს უფროსმა, ნინო ბურდულმა „ლიბერალს“ განუცხადა, სამმართველოს თანამშრომლებმა და აღნიშნულ პროექტში ჩართულმა ყველა პირმა დეკემბერში მოულოდნელად მიიღო წერილი ხელშეკრულების დასრულების შესახებ. ნინო ბურდულის თქმით, სამმართველოში 116 ადამიანი მუშაობს და, სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა მომავალი წლიდან უმუშევარი დარჩება.  მისივე თქმით, ასევე შესაძლოა, დაიხუროს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების სამმართველოც, რომლის დანიშნულება ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის ფსიქოემოციური მომსახურების გაწევაა. ცენტრში დასაქმებულები არიან ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები.

ნინო ბურდულის თქმით, მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ როგორ გააგრძელებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა მუშაობას. მან პროგრამის მომავალთან დაკავშირებული კითხვებით პირადად მიმართა მინისტრს და მინისტრის მოადგილეებს, ასევე წერილობით წარადგინა თავისი ხედვა პროგრამის დახურვის შემთხვევაში იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც ამ მიმართულებით სკოლებს შეიძლება შეექმნათ.

 „მთლიანად  სამმართველო 14 იანვრიდან უქმდება. დეკემბერში მოგვივიდა ხელშეკრულებების დასასრულის ვადის შესახებ ინფორმაცია. გუშინაც ვიყავი სამინისტროში შეხვედრაზე, ვფიქრობ დროის გაყვანის მიზნით ამბობენ, რომ სკოლებში პროგრამა გაგრძელდება მაგრამ რა ფორმით გაგრძელდება, ამას არავინ ამბობს. ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ გამოსულა კონტაქტზე არც მინისტრი და არც კურატორი მოადგილე. გუშინ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი შემხვდა და მითხრა, თითქოს სამინისტროშიც იგივე სიტუაციაა, არაერთი სამმართველო გაუქმდაო“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნინო ბურდულმა.

ნინო ბურდულის თქმით, პროგრამა 1800 სკოლაში ხორციელდება და მომავალი წლიდან არაქართულენოვანი სკოლების მოცვაც იგეგმებოდა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პროფორიენტაციის  სპეციალისტები სკოლების კურატორები იყვნენ, თითოეულ სპეციალისტს 20-25-მდე სკოლის მეთვალყურეობა ევალებოდა. კერძოდ, ისინი ამზადებდნენ პედაგოგებს, რომლებიც პროფორიენტაციის გაკვეთილებს ატარებენ სკოლაში, ბავშვების ინტერესების მიხედვით ეწყობოდა ექსკურსიები ორგანიზაციებში, სადაც ისინი უშუალოდ სამუშაო პროცესს ეცნობოდნენ.

ნინო ბურდულს მიაჩნია, რომ ამ პროცესის წარმართვას სკოლები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ, რადგან მათ ამის ადამიანური რესურსი არ აქვთ, რადგან პროგრამა გაკვეთილის გარდა, საბოლოო შედეგის მისაღწევად, არაერთი მნიშვნელოვანი პროცესის ორგანიზებას მოითხოვს.

ნინო ბურდულის თქმით, პროგრამის ასე სპონტანურად დახურვა სრულიად გაუმართლებელია. პროგრამას სჭირდება დასრულების სტრატეგია, თუმცა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით, ხედვა არ აქვთ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, იგეგმება ფსიქოლოგიური მომსახურების სამმართველოს დახურვაც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრი სასწავლო წლის ბოლომდე ამ ფორმატით შენარჩუნდება და შემდგომ გამოეყოფა მანდატურის სამსახურს.

„დასახელდა, რომ სასწავლო წლის ბოლომდე ამ ფორმატით შენარჩუნდება ფსიქოლოგიური ცენტრები და შემდგომში მანდატურის სამსახურიდან გამოვა და აიპის ფორმატში, ან  „აუთსორსინგით“ განაგრძობს მუშაობას. როგორც ვხვდები, იქაც არაა კონკრეტული ხედვა და შეთავაზება“,- განუცხადა „ლიბერალს“ ნინო  ბურდულმა.

აღნიშნული ინფორმაცია, ფსიქოლოგიური ცენტრის გაუქმების შესახებ არ დაადასტურა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან ზარდალიშვილმა. მან „ლიბერალს“ უთხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ფსიქოლოგიური ცენტრები მომავალშიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა, „ლიბერალთან“ საუბრისას პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს გაუქმება დაადასტურა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პროფორიენტაციის გაკვეთილები სკოლებში გაგრძელდება, მართალია კოორდინატორები აღარ იქნებიან შტატში, მაგრამ გადამზადებულია 2 000 მასწავლებელი, რომლებიც პროფორიენტაციის გაკვეთილებს ჩაატარებენ. დანარჩენი პროცესი კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაგრძელდება. მისივე თქმით, „პროექტმა ამ ფორმით თავი ამოწურა“.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება მანდატურის სამსახურის საქმიანობა, არ  შემცირებულა.

ამასთან პროგრამულ ნაწილში წერია, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის პროგრამის ერთ-ერთი მიზანი  საჯარო სკოლებში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეთათვის შესაბამისი სასწავლო სესიების (გაკვეთილების), ექსკურსიებისა და გაფართოებული შეხვედრების ჩატარებაა, მათი შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენის მიზნით.

პროფოერიენტაციის სამმამრთველო თამარ სანიკიძის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^