"ადამიანის უფლებათა ცენტრი" თბილისის №67-ე სკოლის დირექტორისა და ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ ორი წლის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს კლასელები დასცინიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას რეგულარულად აყენებენ, რაზეც რეაქცია არ ჰქონია არც კლასის დამრიგებელს და არც სკოლის დირექტორს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე კლასელების მხრიდან ბულინგის გამო ამ დროისთვის სწავლასა და სკოლაში სიარულზე უარს ამბობს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ 2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის განცხადების საფუძველზე, მისივე თანდასწრებით, ბულინგის სავარაუდო მსხვერპლის თანაკლასელი გააფრთხილეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო, კვლავ გრძელდებოდა მოსწავლის მიმართ ძალადობა.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება", - წერია განცხადებაში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს და მოითხოვს, გატარდეს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ პასუხისმგებელი პირები.