სახალხო დამცველის განცხადებით, „მეტრო ჯორჯიამ“ მათი რეკომედაცია გაითვალისწინა და მგზავრებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ რომელი სქესის ადამიანი დაჯდება მათ გვერდით.
საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სს „მეტრო ჯორჯიას“ მიერ ავტოსანტრანსპორტო საშუალებაში ბილეთებისა და ადგილების სქესის მიხედვით განაწილების მხრივ არსებული საკითხის შესწავლა, ვინაიდან მიიჩნია რომ აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა ქალების და მამაკაცების ერთმანეთისგან სეგრეგაციის წამახალისებელი იყოს. რეგულაციის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს, მხოლოდ თავისივე სქესის ადამიანის გვერდით შეიძინოს სამგზავრო ბილეთი. კომპანიის განმარტებით, ბილეთების მსგავსი წესით გადანაწილება თავად მომხმარებლის მოთხოვნაა, ვინაიდან სურთ, რომ ღამის საათებში თავისივე სქესის წარმომადგენლის გვერდით იმგზავრონ.
დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა სს „მეტრო-ჯორჯიას“ შესთავაზა, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე დაემატოს პარამეტრი, რომელიც ბილეთის შეძენის პროცესში მგზავრს მისცემს საშუალებას, ელექტრონულად დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თანახმაა თუ არა მის გვერდით არსებული სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს.
როგორც ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, სს „მეტრო ჯორჯიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამული ცვლილება განხორციელდეს და კომპანიამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, რაც შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.
სახალხო დამცველი მიესალმება სს „მეტრო ჯორჯიას“ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.