მოქალაქე ონლაინმაღაზიაში წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის ბელებს ყიდის.
„იყიდება 3 დათვის ბელი, ყველანაირი აცრები გაკეთებული აქვთ, 4 თვის არიან ჯერ, ვყიდი სიმბოლურ ფასად. ქალაქის პირობებში ვისაც სურს რომ იყოლიოს, ტყუილად არ დარეკოთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქე mymarket-ზე აქვეყნებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85 ტერცია მუხლით, „წითელ ნუსხაში" შეტანილი ცხოველთა ყიდვა-გაყიდვა ან მათი დატყვევება იწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე და მოპოვებული ცხოველების კონფისკაციას.
საქართველოს მთავრობის #190-ე დადგენილებით, მურა დათვი „წითელ ნუსხაშია" შეყვანილი.
„ლიბერალთან" საუბრისას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათთვის უკვე ცნობილია დათვის ბელების გაყიდვის შესახებ ინტერნეტში განთავსებული განცხადების შესახებ და ისინი განცხადების განმთავსებელთან დაკავშირებას ცდილობენ.
„აუცილებლად დასჯადი ქმედებაა. წითელი ნუსხით არის დაცული ეს სახეობა. ისედაც არ შეიძლება გარეული ცხოველით ვაჭრობა და მით უმეტეს წითელი ნუსხით დაცული სახეობის. ახლა უნდა დავადგინოთ, ნამდვილად ყიდის თუ არა ცხოველს", - ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე.
როგორც ჩხობაძე აცხადებს, მათ mymarket-ს წერილით მიმართეს, რათა გაეფრთხილებინათ მოქალაქეები, რომ ეს დასჯადი ქმედებაა.
„მათ რეგისტრაციის წინარე პირობებში ეს მიუთითეს. ამან გარკვეული შემაკავებელი ეფექტი იქონია, მაგრამ მაინც უგულებელყოფენ. იციან ხოლმე, მაგრამ მაინც დებენ განცხადებებს" - ამბობს ჩხობაძე.
„ლიბერალმა" განმცხადებელთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.