
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება, მისი თქმით, შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად წიგნი იქნება უფრო მსუბუქი. გარდა ამისა, დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმღვანელოების შექმნაზე.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეგვაქვს 2017 წლიდან სახელმძღვანელოების საკითხში. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვა შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად იქნება უფრო მსუბუქი, გაყოფილი იქნება ნაწილებად, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩანთის სიმძიმის პრობლემა ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. წიგნების ხარისხობრივ გადამუშავებასთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზე. რა თქმა უნდა, იქნება არჩევითი. ოჯახის მიერ იქნება არჩეული იხელმძღვანელებს თუ არა ელექტრონული სახელმძღვანელოთი. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში ელექტრონული სახელმძღვანელოების მოხმარების რაოდენობა გაიზრდება და უფრო ინტენსიური გახდება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემის სტრატეგიის პრეზენტაციაზე.