
გია გაჩეჩილაძის თქმით, მან „სტუდია მაესტროს" წილი გაყიდა. ამის შესახებ მან „TV პირველის " ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მაესტროს" საკუთარი ჯიბიდან არჩენდა, ხოლო როცა ამის საშუალება აღარ ჰქონდა, წილი გაასხვისა.
„ეს წილი ქალბატონმა ინა გუდავაძემ შეიძინა და მედიაჰოლდინგი გააკეთა. მეც მივეხმარე და ვიყავი ამ პროცესში ჩართული, რომ წილი „რუსთავი 2-სკენ" არ წასულიყო. მეც ჩავერთე, რომ „მაესტრო" „რუსთავი 2-თან" არ გაერთიანებულიყო" - თქვა გაჩეჩილაძემ.
IPN-თან საუბარში მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომ მაკა ასათიანის წილის გასხვისების პროცედურა დასრულებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია.
მისი განმარტებით, რახან ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი და მისაღებ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდა, ამიტომ, წილის ფლობის მიმართ ინტერესი დაკარგა.
მედიაჰოლდინგ „იმედის" განცხადებით, „მაესტროსთან" საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
მედიაჰოლდინგის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„მედიაჰოლდინგი „იმედი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ გახდება ჰოლდინი „იმედის“ შემადგენელი ნაწილი. ასევე დასასრულს მიუახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გარიგებაც მალე წარმატებით დასრულდება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში. იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი „იმედი“ ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს".