Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქე, საკანონმდებლო წინადადებით, მგელზე ნადირობის გამარტივებას ითხოვს

30 დეკემბერი, 2016 19:35

მოქალაქე გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს და მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის გამარტივებას ითხოვს.

მისი წერილის მიხედვით, საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ათასი მგელი ბინადრობს. როგორც ის წერს, მომრავლებული მგლების გამო გახშირებულია მათ მიერ ადამაინებზე თავდასხმისა და სოფლის მეურნეობის ნორმალურ წარმართვაში ხელის შეშლის ფაქტები.

„იმ პირებთან ერთად, რომელიც უშუალოდ არის ჩაბმული ასეთი მასალების მოპოვებაში, შევაგროვე რამდენიმე ადანიანის მომართვა, რომლებიც ითხოვენ დახმარებას და რომელთა საცხოვრებელი პირობები რეალურად საფრთხეშია. საუბარია მტაცებლებზე, ტურასა და მგელზე, რომლებიც უმოწყალოდ ერჩიან მოსახლეობას და მათ მიერ დიდი გარჯის ფასად შექმნილ სოფლის მეურნეობას. ყველა ამ გარემოების კვლევისას წავაწყდი ინფორმაციას, რომ არაოფიციალურად საქართველოში რამდენიმე ათასი მგელი ბინადრობს. ამის პარალელურად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მგელია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

პორტუგალიაში რომლის ფართობიც 92, 212 მ2-ია 200 -300 მგელი ბინადრობს. შვეიცარიაში, რომელიც ფართობით საქართველოზე პატარაა, სულ ერთადერთ ხროვას შეხვდებით. გერმანიაში ნახავთ 100-დან 150-მდე მგელს. საფრანგეთში კი დაახლოებით 200-მდე მგელია. ნიდერლანდებსა და ბელგიაში მათი რაოდენობა იმდენად ცოტაა, რომ ისინი არასდროს არიან შესამჩნევი ხალხისთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის 1 000 მგელიც კი, სტატისტიკურად საკმაოდ ბევრია. ეს ნიშნავს, რომ საქმე უკვე პრობლემასთან გვაქვს“, - წერს მოქალაქე გიორგი ლაბაძე.

მისი თქმით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციას ნადირობის წესების დარღვევისთვის. ლაბაძე აღნიშნავს, რომ ნადირობის წესების დარღვევად ითვლება ლიცენზიის ან სეზონის გარეშე ნადირობა, თუმცა ამ დროსაც ლიცენზია მხოლოდ ფრინველზე გაიცემა.

„გამოდის, რომ მგლის მონადირება ნებისმიერ დროს, გარდა მის მიერ ადამიანზე თავდასხმისა, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ისჯება ჯარიმით და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში, არაპროპორციულად ბევრი მგელი ბინადრობს“, - ვკითხულობთ წერილში.

მან პარლამენტისადმი მიწერილ წერილს ასევე დაურთო „მოქალაქეთა წერილები, რომლებიც მათ მონადირეთა გაერთიანებას მისწერეს“. მისი თქმით, ისინი დროთა განმავლობაში იბეჭდებოდა პრესაშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ლაბაძე პარლამენტს სთავაზობს, რომ ცვლილება შევიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში და მას დაემატოს შენიშნვა #5, რის საფუძველზეც „ნადირობის წესების დარღვევად აღარ ჩაითვლება ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას“.

თუმცა როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე განმარტავს, მგელზე ნადირობა დაშვებულია სამონადირეო მეურნეობაში, ოღონდ დამტკიცებული კვოტის ფარგლებში. მისი თქმით, საქართველოში დღეის მდგომაორებით 17-18 სამონადირეო მეურნეობაა.

„სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაიცემა, სამეურნეო საქმიანობას აწარმოებს ლიცენზიის მფლობელი. მას აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომ დაიცვას, გაამრავლოს ცხოველთა სამყარო, შეინარჩუნოს, ჩაატაროს ბიოტექნიკური ღონისძიებები და ა.შ. ანუ სამეურნეო საქმიანობა აწარმოოს ტყის გარკვეულ ფართობზე. სამონადირეო მეურნეობის ფართობი კი 400 - 16 000 ჰექტრამდე მერყეობს. ლიცენზიის მფლობელი კვოტის შედგენისთვის აღრიცხავს რამდენი მგელია მის სამონადირეო მეურნეობაში, პირობითად, თუ არის 100 მგელი, ბიოპოპულაცია რომ არ ამოწყდეს, ამბობს, რომ 60-ს ამოიღებს გარემოდან და 40-ს დატოვებს. კვოტირების სისტემა არის იმისთვის, რომ  სახეობა იყოს შენარჩუნებული. ლიცენზიის მფლობელს თუ კვოტა დამტკიცებული აქვს, პრობლემა არ არის, იმ სამონადირეოში მგელზე ნადირობა დაშვებულია“, - ამბობს ჩხობაძე.

მისი თქმით, სამონადირეო მეურნეობის გარეთ, დღეს მოქმედი რეგულაციებით, მგელსა და სხვა  გარეულ ცხოველზე ნადირობა დაშვებული არაა.

მისი თქმით, თუ იქნება მიღებული გადწყვტილება სამინისტროს მიერ სამეურნეო მეურნეობის გარეთ მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის რეგულაციების გადახედვის, ჩხობაძე ამბობს, რომ აღნიშნული მხოლოდ სამეციერო და არასამთავორობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს.

„გარდა იმისა, რომ ნადირობის წესებით დადგენილია რაზე ვნადირობთ და როგორ, ასევე დადგენილია რეგულირების ღონისძიებები. ანუ თუ მტაცებელი თავს ესხმის ადამიანს და მის სიცოცხლეს ან ქონებას საფრთხეს უქმნის, ეს ცხოველი ადამიანს ისედაც შეუძლია, გარემოდამ ამოიღოს ყოველგვარი შეკითხვის გარეშე. ამას ნადირობა არ ჰქვია, ამას ჰქვია რეგულირების ღონისძიება“, - ამბობს ჩხობაძე.

შესაბამისად, ჩხობაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში როდესაც მგელი, ან სხვა გარეული ცხოველი, ადამიანს ან ქონებას საფრთხეს უქმნის, ისედაც არსებობს ღონისძებები, რომ ამ მტაცებლის რიცხოვნობა შემცირდეს.

„ამიტომ, როდესაც მტაცებელი ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამაინს, ამ შემთხვევებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება არ სჭირდება. ეს რეგულაციები ქვეყანაში ისედაც მოქმედებს. ვერ ვხედავ ახალი რეგულაციის დაწესების საჭიროებას. თუ მას უნდა, რომ მტაცებელზე ნადირობა დაიშვას სამონადირეო მეურნეობების გარეთ, ისე, როგორც გადამფრენ ფრინველებზე, მაშინ ასე უნდა ეთქვა, რომ ნადირობის წესებში უნდა შევიდეს ცვლილება და გარეულ ცხოველებზე ნადირობა უნდა დაიშვას სამონადირეო მეურნეობების გარეთაც. თუმცა ამ შემთხვევაშიც სამეცნიერო წრეებთან კონსულტაცია იქნება საჭირო“, - ამბობს ჩხობაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^