საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა - ამის შესახებ „ლიბერალს" ადვოკატმა ციალა რატიანმა უთხრა. სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ბრალის სამივე ნაწილში დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობის ბრალდების ნაწილში გაამართლა.
25 მაისს საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო დამნაშავედ მიიჩნია ბინაში ხანძრის განზრახ გაჩენის ნაწილში. პროკურატურამ სასამართლოს მეორე ინსტანციის განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მას ბრალი სს კოდექსის 125-ე მუხლითაც ჰქონდა წაყენებული, რომლითაც მას პროკურატურა მოკლული ტრანსგენდერი ქალის ცემაში სდებდა ბრალს.