თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი, გიგლა შიოშვილი და ირაკლი ყიფშიძე აღკვეთის ღონისძიების ცხრათვიანი ვადის ამოწვურვის შედეგად გაათავისუფლა.
სასამართლოს განცხადებით, ბრალდებული ვასილ ლელუაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც არის მსჯავრდებული, ხოლო დიმიტრი თ. და გივი კ. ამჟამად ძებნაში იმყოფებიან.
„საქმის არსებითად განხილვა 2016 წლის 29 სექტემბერს დაიწყო და დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო ადვოკატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სასამართლომ უფლებადამცველთა გამოუცხადებლობისას, იმ დღესვე დანიშნა ადვოკატები სავალდებულო წესით. თუმცა, სავალდებულო წესით დანიშნულმა უფლებადამცველმა არასაკმარისი დროის გამო ვერ შეძლო საქმის მასალების შესწავლა (13 ტომი), ასევე საქმის განხილვა გადაიდო ბრალდებულ ვასილ ლ.-ს ავადმყოფობის გამო.
ზემოაღნიშნული შემაფერხებელი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ დაკითხა ბრალდების 93 მოწმე, გამოიკვლია წერილობით მტკიცებულებათა ნაწილი და დისკები-ვიდეო ჩანაწერებით. მოცემულ საქმეზე დასაკითხია ბრალდების 16 და დაცვის 7 მოწმე, ამასთან გამოსაკვლევია წერილობითი მტკიცებულებებიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2017 წლის 12 იანვარს, 15:00 საათზე განახლდება" - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.