თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ #9 საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, რომელებიც ამ ციხეში და სხვა საპატიმროებში არიან.
მინდა, ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ სანამ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში უკიდურესად რადიკალური იქნება და ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის უმრავლესობას ეკისრება.
თუ ჩვენ პრობლემების მოგვარება გვინდა, ამისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ჩემი აზრით, ყველაზე ადვილად ამის გაკეთება ისევ მთავრობას და უმრავლესობას შეუძლია, თუ ის ვაჟკაცურ ნაბიჯს გადადგამს და პოლიტიკურ ამნისტიას გამოაცხადებს, მაგრამ თუ ამას ვერ იზამს მთავრობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა.
თავიდანვე ჩემ მიმართ წაყენებული 182-ე მუხლი იყო პროპაგანდისტული მუხლი. ის ითვალისწინებს საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვას. პროპაგანდისტული იმიტომ იყო, რომ ეს ჟღერს შემაშნებლად და ამით ხდებოდა ჩემი რეპუტაციის შებღალვა.
ჩვენ ეს მუხლი თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ეს მუხლი პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენება. ეს არასწორი და უსამართლოა. მიხარია, რომ ეს მუხლი ჩამომშორდა.
2013 წელსვე, როცა ეს ძიება დაიწყო, ვთქვი, რომ ეს ხალხი, 600 თუ 700-მდე ადამიანი, „თბილსერვის ჯგუფში" ჩემი თანხმობით დასაქმდა და აბსოლუტურად უზნეო უნდა ვიყო, რომ ეს არ ვთქვა და მოადგილეებისკენ გავიშვირო ხელი.
მე ვიყავი ლიდერი და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ყველაფერი. განზრახვა არ მქონია, რომ ეს მაინცდამაინც პოლიტიკური მიმართულებით ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ამან ასეთი სახე მიიღო.
მაგრამ უსინდისო ბრალდება იქნება, რომ ამით საბიუჯეტო თანხმების მითვისება დამაბრალო.
შეცდომა იყო ის, რომ არ მივადევნე თვალყური, რომ არ მომხდარიყო ტრანსფორმირება იმისა, რაც ობიექტურად მერიას სჭირდებოდა. ტრანსფორმირება იმაში, რომ ის უფრო მეტად პოლიტიკური საქმიანობით იქნებოდა დაკავებული. მე ამის გამო ვწუხვარ" - თქვა უგულავამ.
სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
უგულავასა და დავით კეზერაშვილს ბრალი „თბილსერვის ჯგუფში" პარტიის აქტივისტების დასაქმებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებაში ედებოდა.
პირველ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეხება, გაამართლა.